ქუთაისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, თითქოს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობდა. მან დაზარალებულთან 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 96 000 აშშ დოლარად ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რის საფუძველზეც მოქალაქემ, ბრალდებულის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე  თანხის ნაწილი ეტაპობრივად გადარიცხა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბრალდებული დაზარალებულის მიერ გადარიცხულ თანხას მოტყუებით დაეუფლა.

დანაშაულის შედეგად მოქალაქისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა 13 500 აშშ დოლარი შეადგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.