ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, კოლხეთის ქუჩის მოსახლეობა მერიას სატრანსპორტო პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართავს.
პარალელურად მოსახლეობამ "ინფო იმერეთს" მიმართა და განაცხადეს, რომ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, რაც ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს.
მათივე თქმით, კოლხეთის ქუჩაზე ბევრი ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სკოლის მოსწავლეები ცხოვრობენ, რომლებიც აღნიშნული ქუჩიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე ჩამოსვლას მარტივად ვერ ახერხებენ.
"ტრანსპორტის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები ვერ ახერხებენ დროულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას; ხანდაზმულებსა და შშმ პირებს ექმნებათ პრობლემები აუცილებელი სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიღებისას; მოსახლეობა იძულებულია, ყოველდღიურად დიდი მანძილი ფეხით გაიაროს, რაც უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. შექმნილი მდგომარეობა ლახავს ჩვენს უფლებას, ვისარგებლოთ უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილებით.
მოსახლეობა კატეგორიულად ვითხოვთ დაინიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტი კოლხეთის ქუჩაზე; ან გადაიხედოს და კორექტირდეს არსებული მარშრუტები, რათა მათ მოიცვან აღნიშნული ტერიტორიაც.
კოლხეთის ქუჩის მცხოვრებლები ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები საკითხს პრიორიტეტულად განიხილავენ, გაითვალისწინებენ მოსახლეობის თხოვნას და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს უმოკლეს ვადებში გადადგამენ", - აღნიშნულია მოსახლეობის განცხადებაში.