პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს, 23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობას სისტემაში აგრძელებდა, მათ შორის მუშაობდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.

ოჯახი ადასტურებს, რომ კუხალაშვილი მხოლოდ ახლა, 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები, სისტემიდან გამოსული იყო.

პოლიციელი, რომელიც ბექა კუხალაშვილთან ერთად, მოქალაქეს სცემს, ირაკლი კაციტაძეა - დაკავებამდე იმერეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მეზობლებს მოძალადე პოლიციელი რამდენიმე თვეა, არ უნახავთ, კაცი, რომელიც სისტემიდან გამოჟონილ მინიმუმ ორ ვიდეოში ჩანს, სწორედ ნაცნობებმა ამოიცნეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ირაკლი კაციტაძემ ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ბინა მოქალაქეზე სასტიკი ანგარიშსწორებიდან მალევე იყიდა. 64 კვადრატული მეტრის ფართის ბინა მის სახელზე 2023 წლის 19 მაისს ფორმდება. კაციტაძე მანამდე უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობდა. 

კიდევ ერთი პოლიციელი კი, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ მოქალაქეს სცემს, 29 წლის მიხეილ ჯინჭარაძეა.  პირი, რომელზეც ის ძალადობს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. ქუთაისის პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელი, ჯინჭარაძე გავრცელებულ ვიდეომასალაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, პროკურატურამ ის დანარჩენ ორ პირთან ერთად 2022 წელს მომხდარი ძალადობის გამო, 2026 წლის 23 თებერვალს დააკავა. ოჯახი ადასტურებს, რომ მიხეილ ჯინჭარაძე დაკავებულია, თუმცა ისინიც დუმილს ირჩევენ.

TV პირველმა პოლიციის განყოფილებაში გადაღებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს.