ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი გერი სხვადასხვა დროს რამდენჯერმე გააუპატიურა და ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა.

გამოძიების ინფორმაციით, კაცი მოზარდს მკვლელობით ემუქრებოდა, თუ მომხდარის შესახებ ვინმეს იტყოდა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა. 

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 18 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.