"ქუთაისიდან ფრენები საკმაოდ გაძვირდა, ბარგიც კატასტროფულად გაძვირებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გამყვანი ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა მამუკა კელაურაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ავიაბილეთების ფასი ბოლო პერიოდში სულ მცირე 50%-ით გაიზარდა, რის ფონზეც სომხეთის ავიაბაზარი ბევრად უფრო მოქნილი და ბიუჯეტური ალტერნატივა ხდება.
კელაურაძის განმარტებით, ერევნიდან ხელმისაწვდომია ისეთი პოპულარული ევროპული მიმართულებებიც (მაგალითად, იტალიის ქალაქი ბარი), რომლებიც ქუთაისის აეროპორტის განრიგში საერთოდ არ არის.
ამასთან, გამყვანი ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები მოგების მარჟის შენარჩუნებას ახლა ძირითადად გაძვირებული ბარგის ხარჯზე ცდილობენ, ხოლო სომხეთის შეღავათიანი ფასები შესაძლოა, ავიახაზების სახელმწიფო სუბსიდირებას ან დაბალ გადასახადებს უკავშირდებოდეს.
„შეგიძლია ერთი დღით წახვიდე, ერევანში დარჩე, მეორე დილას დაჯდე „ვიზეარზე“ (Wizz Air) და გადაფრინდე საკმაოდ ბევრ ქალაქში. მათ შორის ისეთებშიც, რომლებშიც ფრენა ქუთაისიდან არ არის. ყველაზე გასაკვირი, გასაოცარი და აბსოლუტურად გაუგებარი ჩემთვის, მაგალითად, ისაა, რომ ერევნიდან არის ბარის მიმართულებით ფრენა.
ქალაქში, რომელიც ქართველებისთვის იტალიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია და სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს, ქუთაისიდან ეს მიმართულება არ არის, არის ერევნიდან და თანაც, ძალიან იაფად.
შესაბამისად, ყველაფერი ლოგიკა და არითმეტიკაა. ადამიანი ელემენტარულად დათვლის და იანგარიშებს. ვიზა არ მჭირდება, ერევნიდან გავფრინდები კაპიკებში, სასტუმროებშიც არ არის კატასტროფული ფასები... მაგალითისთვის რომ ვთქვათ, გინდ ბაქოში წახვიდე, გინდ ბარიში, ბილეთები დაახლოებით, ერთი ფასი ჯდება და რატომაც არა, პირობითად, წავიდოდი 3 დღით ბარიში.
ერევანი იმის მაგალითია, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი თავისით, ტურისტული კომპანიისგან დამოუკიდებლად გააკეთოს. უპრობლემოდ შეუძლია აიღოს ბილეთები, სასტუმრო დაჯავშნოს და იქიდან გაფრინდეს. შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებს წააწყდეს, გამორიცხული არაფერია, თუმცა, ვისაც მოგზაურობის ასე ინდივიდუალურად დაგეგმვა უნდა, მათთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
პირდაპირ ვთქვათ, ქუთაისიდან ფრენები საკმაოდ გაძვირდა. მარტო ფრენები კი არა, ბარგიც კატასტროფულად გაძვირებულია. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მე თუ სადღაც წასვლა მინდა, ქუთაისიდან მეტ-ნაკლებად იაფი (სხვა მარშრუტებთან შედარებით) არის ხოლმე პოლონეთი, ლარნაკა, ესენიც არასეზონზე და ბრატისლავა.
დანარჩენ მიმართულებებზე, თუ მართლა 6-7 თვით ადრე არ აიღე ბილეთები, ჩათვალე, რომ იგივე ფასი შეიძლება დაგიჯდეს, რაც თბილისიდან.
მესმის, რომ საწვავი გაძვირებულია და ბევრი გამოწვევაა. ზოგადად, ყველაფერი გაძვირდა და როგორც ჩანს, კიდევ გაძვირდება. ის, რასაც მიჩვეულები ვიყავით, რომ მართლა 25-30 ევროდ დავდიოდით ევროპაში, აღარ არის და დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, აღარც იქნება“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, ხომ არ არის მოსალოდნელი ბილეთების კიდევ უფრო მეტად გაძვირება, კელაურაძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.
„ყველაფერი შესაძლებელია, რადგან ისევ და ისევ დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო ბაზარზე. საწვავი თუ გაძვირდა, მერე საავიაციო საწვავს გააძვირებს, ის მერე მომსახურების ფასებს და ზოგადად, ყველაფერზე აისახება.
მთლიანობაში, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბილეთები სულ მცირე 50%-ით მაინც არის გაძვირებული. ბარგზე საუბარი აღარ მაქვს, რადგან, როგორც ჩანს, „ვიზეარი“ გადავიდა მეთოდზე, სადაც ბილეთებზეც მოუმატეს ფასები, მაგრამ ძირითადად, მაინც ცდილობენ, ბარგის საშუალებით მოახდინონ თავისი მოგების კომპენსირება.
თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, გასაგებია, მაგრამ რატომღაც სომხეთის „ვიზეარი“ ბევრად უფრო მოქნილია ამ თვალსაზრისით და ბევრად უკეთესი ფასებიც აქვს.
მანდ ბევრი ფაქტორი შეიძლება იყოს. შესაძლოა, თვითონ სომხეთის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დაფინანსებაცაა. როდესაც საუბარია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე (Low-cost), როგორიცაა: „რაინეარი“ (Ryanair), „იზი ჯეტი“ (easyJet), „ვიზეარი“ და სხვა, არსებობს „ცარიელი სკამის პრინციპი“.
ზოგჯერ ცარიელ სკამს სახელმწიფო მთლიანად აფინანსებს, ზოგჯერ კი თითო სკამზე იძლევა გარკვეულ ბონუს თანხას იმისთვის, რომ წაახალისოს ესა თუ ის ავიაკომპანია ქვეყანაში საფრენად.
შესაძლოა, სომხეთში უფრო კარგი დაფინანსებაა ამ თვალსაზრისით ან უფრო ნაკლები გადასახადებია. ამაზე დაზუსტებით საუბარი გამიჭირდება“, - განაცხადა მამუკა კელაურაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.