ქუთაისის  საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ ელეონორა არჩაია, საზოგადოებას 2017 წლიდან დღემდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს აცნობს. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბოლო წლებში მან ანგარიშწარდგენის განსხვავებული ფორმატი აირჩია და ამომრჩევლებს პირადად ხვდება - სახლში, სამსახურში, სკვერებსა თუ ქუჩებში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

ელეონორა არჩაიას თქმით, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სხდომებზე რეგულარული დასწრებით და გაცდენების მინიმალური მაჩვენებლით. ის ყოველდღიურად ხვდება ქუთაისელებს, ადგილზე ეცნობა არსებულ გამოწვევებს და აქტიურად მონაწილეობს პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაში.

ძირითადი ინიციატივები და მიღწეული შედეგები:

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: დეპუტატის ინიციატივითა და აქტიური მოთხოვნით, მუნიციპალიტეტმა ავტოპარკის განახლებისთვის დამატებით 10 მილიონი ლარი გამოყო. დაგეგმილია ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების შეძენა, ამოქმედდა მობილური აპლიკაცია, რეალურ დროში მონიტორინგი, ხმოვანი და ვიზუალური გამოცხადების სისტემები.

შშმ ქალთა ჯანდაცვა: ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან თანამშრომლობით, მიღწეულია შეთანხმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ადაპტირებული გინეკოლოგიური სავარძლის შეძენაზე, რომელიც ქუთაისის №4 პოლიკლინიკაში განთავსდება (გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი).

ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება: ელეონორა არჩაია აქტიურად აყენებს საპარკინგე სივრცეების დეფიციტის, ქვეითთა უსაფრთხოების (ბოლარდები, ზებრა გადასასვლელები), სადისტრიბუციო ავტომობილების პარკირების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის საკითხებს.

საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები: ყურადღების ცენტრშია ქუთაისის №4 და №7 საჯარო სკოლების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე დაუხურავი საბავშვო ბაღი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისთვის ახალი სივრცის გამოყოფის აუცილებლობა, ნიკეას ნაგავსაყრელის ეკოლოგიური პრობლემები და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

„მჯერა, რომ საკრებულოს წევრის მთავარი პასუხისმგებლობა მოქალაქეების ინტერესების ყოველდღიური დაცვაა. სწორედ ამიტომ, მომავალშიც გავაგრძელებ ქუთაისელებთან აქტიურ კომუნიკაციას და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას“, - აცხადებს ელეონორა არჩაია.