ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო "მასტერსის" პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.

სანდრო ბაზაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში ტურნირის მასპინძელი, ჩინელი მოფარიკავე შიაო ლინი აბსოლუტური უპირატესობით, ანგარიშით 15:3 დაამარცხა.

ეს ქართველი სპორტსმენისთვის ახალ სეზონში ზედიზედ მესამე ოქროს მედალია.

ორი კვირის წინ ბაზაძემ ალჟირის ქალაქ ორანში გამართული ფარიკაობის მსოფლიო თასიც ანალოგიური ბრწყინვალე სტილით მოიგო, სადაც ფინალში უნგრელი კრისტიან რაბი დაამარცხა.