"პროფესია" - ეს იმერეთის ახალი ამბების სააგენტო "ინფო იმერეთის" რუბრიკაა.
ჩვენი მიზანია შეგახსენოთ იმერეთში მცხოვრებ პროფესიონალები - ადამიანები, რომლებიც თავიანთი შრომით, პროფესიონალიზმით და საქმის მიმართ სიყვარულით ქმნიან იმერეთის ისტორიას, თითოეული თავის სფეროში.
სახელი, გვარი: თეა ჩიკვაიძე
სამუშაო ადგილი: სკოლა „პროგრესის“ ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი, ინგლისის სასწავლო პროგრამის ლიდერი და eTwinning-ის აქტიური წევრი.
- რატომ მასწავლებლობა?
- ალბათ იმიტომ, რომ კარგად მახსოვს, ბავშვობაში ჩემთვის რას ნიშნავდა ადამიანი, რომელსაც ჩემი სჯეროდა. მჯერა, რომ ერთ მასწავლებელს, თავისი გულწრფელი მხარდაჭერით, შეუძლია ბავშვის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალოს.
ჩემთვის ეს პროფესია მხოლოდ საგნის სწავლება არ არის - თუ ვინმეს ფიქრებისა და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა შევძელი, ე.ი. არჩევანში არ შევმცდარვარ.
- რა გასწავლეს მოსწავლეებმა?
- იმდენი რამ, რომ ხანდახან ვფიქრობ: ეს გამოცდილება რომ არა, ნეტავ როგორი ადამიანი ვიქნებოდი?! მათ მასწავლეს მოთმინება, მოსმენა და ისიც, რომ სწავლის პროცესი არასდროს მთავრდება. საუკეთესო მასწავლებელი ხომ ის არის, ვინც თავადაც მუდამ მოსწავლედ რჩება.
საყვარელი ფრაზები გაკვეთილზე:
„შენი აზრით?..“
„რას ფიქრობ?..“
„შენ როგორ იტყოდი?..“

- კარგი მასწავლებლის მთავარი თვისება:
- შეაყვაროს მოსწავლეს ის, რასაც ასწავლის და დააჯეროს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია. მინდა, ჩემი კლასი ბავშვებისთვის ისეთი ადგილი იყოს, რომელსაც წლების შემდეგაც სიყვარულით გაიხსენებენ.
- რა გსურთ, რომ წლების შემდეგ გაიხსენონ თქვენზე?
- ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს გახსენებაზე უბრალოდ გაეღიმებათ და იტყვიან: „ნეტავ ისევ მასთან დამაბრუნა“. როცა მწერენ, რომ ჩემი გაკვეთილები ენატრებათ, ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევს, ვიყო კიდევ უკეთესი მასწავლებელი და მეგობარი.
- რატომ სკოლა „პროგრესი“?
- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც „პროგრესი“ ავირჩიე. ქალბატონ ნინა ჩიკვაშვილთან პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ მისი ხედვები და იდეები ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. პროგრესი მხოლოდ სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება - აქ აქცენტი კრიტიკულ აზროვნებაზე, ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარებზე კეთდება. გაძლიერებული უცხო ენები, ამერიკული პროგრამები და გაცვლითი პროექტები მოსწავლეებს გლობალურ სამყაროში გზას უხსნის. თუმცა, ჩვენი მთავარი ღირებულება მაინც ის თბილი და მეგობრული გარემოა, სადაც თითოეულ ბავშვს შეუძლია საკუთარი პოტენციალის აღმოჩენა.