რა დახმარების მიღება შეუძლიათ ქალებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ და ვის უნდა მიმართონ - ამ კითხვებზე პასუხებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი საინფორმაციო ბროშურა „დახმარება შენთან ახლოს“ აერთიანებს.

გზამკვლევში მარტივი ენითაა აღწერილი ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ჩოხატაურის, ვანისა და თერჯოლის მუნიციპალური მხარდაჭერის პროგრამები. მკითხველი გაეცნობა დახმარების სახეებს, სარგებლობის პირობებს, მიმართვის ნაბიჯებსა და შესაბამისი უწყებების საკონტაქტო ინფორმაციას.

ბროშურის მომზადებას წინ უძღოდა ფონდის სამაგიდე კვლევის - „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის მუნიციპალური მექანიზმები: რას სთავაზობენ ადგილობრივი ბიუჯეტები ქალებს?“ - პრეზენტაციები სამიზნე მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების შემდეგ ქალებთან გაიმართა დისკუსიები ადგილობრივ დონეზე არსებულ მხარდაჭერასა და დახმარების მიღების შესაძლებლობებზე.

კვლევისა და აღნიშნული შეხვედრების საფუძველზე მომზადებული გზამკვლევის მიზანია, ქალებს საჭირო ინფორმაციის მოძიება და შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა გაუადვილოს. ბროშურა განმარტავს როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ დახმარებას, ისე იმას, თუ რომელ უწყებას რა საკითხზე შეიძლება მიმართონ.

გამოცემის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ქალთა ფონდი „სოხუმის“ ვებგვერდზე