შპს „მშენებელი 2018“-ის 100%-იანმა მფლობელმა, ჯუსტალი ისიანმა, 2026 წლის 3 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო, თუმცა ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ქუთაისის მერიისგან მიღებული მსხვილი სახელმწიფო შეკვეთები და პრივილეგიები, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევიდან ხდება ცნობილი.

მოგებული ტენდერი კონკურენციის გარეშე

პარტიულ შემოწირულებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2026 წლის 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს „მშენებელი 2018“-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა (NAT260009000). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტენდერში ისიანის კომპანია ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

როგორ შეგროვდა გამოცდილების კრიტერიუმი?

ტენდერის პირობების თანახმად, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. „მშენებელი 2018“-მა ეს მოთხოვნა ქუთაისის მერიის მიერვე სხვა კომპანიებთან გაფორმებული სამი ხელშეკრულებით დააკმაყოფილა (NAT230027607, NAT250000055, NAT250004021), სადაც ისიანის კომპანია 2024–2025 წლებში ქვეკონტრაქტორის სტატუსით მონაწილეობდა.

სამივე შემთხვევაში მერიამ თავად გასცა თანხმობა „მშენებელი 2018“-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე. ამასთან, სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

ასობით ათასი ლარი ტენდერის გარეშე

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდა ტენდერებისა, ქუთაისის მერიას ისიანის კომპანიისთვის შესყიდვები პირდაპირი წესით, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული. 2022–2024 წლებში მერიამ „მშენებელი 2018“-თან გამარტივებული შესყიდვის 6 კონტრაქტი გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 423 468 ლარი შეადგინა.

სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, აქედან 5 კონტრაქტის (419 786 ლარი) საფუძვლად მერიამ „გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება“ მიუთითა.

ლიცენზია მდინარე რიონზე

სახელმწიფო შესყიდვების პარალელურად, 2026 წლის 17 ივნისს „მშენებელი 2018“-მა მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მოიპოვა, რომელიც მანამდე, 29 მაისს, უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო.