სასტუმროების ქსელ „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას შეფასებით, კურორტ წყალტუბოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუმცა ყოფილი სანატორიუმების აუქციონზე გამოტანა ბიზნესისთვის საკმარისი სტიმული არ არის.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ერთ-ერთი კითხვა ყოფილი სანატორიუმების პრივატიზაციის მორიგ მცდელობას შეეხებოდა.
ერეკლე კოკაია მიიჩნევს, რომ კერძო სექტორი მარტო ვერ გასწვდება კურორტის აღორძინებას და აუცილებელია, სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.
"ეს სანატორიუმები, რა თქმა უნდა, უნიკალური, საინტერესო და ლამაზია. მათ ისტორიული სახელიც აქვთ, რაც ახალ სასტუმროს ყოველთვის ეხმარება. არც საწყისი პირობები იყო მიუღებელი ან კაბალური - ასეთ დიდ სასტუმროში 5 მილიონი ლარი ისეთი თანხა არ არის, რომ საშუალო ან მსხვილმა ბიზნესმა ვერ “გაქაჩოს”, მაგრამ აქ მეორე მთავარი გამოწვევა იჩენს თავს: აი, მე, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელს, დაახლოებით 20-25 მილიონი აშშ დოლარი დამჭირდება იმისთვის, რომ ერთი სანატორიუმი სრულად აღვადგინო, გავმართო და მარკეტინგშიც სერიოზული თანხა ჩავდო. ახლა რომ მომცეთ 25 მილიონი დოლარი, ავიღებ და ჩავდებ წყალტუბოში?! რომ გითხრათ ჩავდებ-მეთქი, მოგატყუებთ, არ ჩავდებ. იმიტომ, რომ ამ 25 მილიონ დოლარს შემდგომში ამოღება სჭირდება.
ამ ეტაპზე წყალტუბოზე ასეთი მაღალი მოთხოვნა არის?! - არ არის. შესაბამისად, ჯერ შესაქმნელია მოთხოვნა. აქვს თუ არა კურორტს პოტენციალი? - რა თქმა უნდა, აქვს. შარშანაც ვიყავი წყალტუბოში - არაჩვეულებრივი ადგილია, უზარმაზარი შესაძლებლობებით, თუმცა ამას კერძო სექტორი დამოუკიდებლად ვერაფრით გასწვდება. შეიძლება, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ ერთიანი ძალისხმევით რაღაც შეძლოს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ბიზნესმენების ასე ორგანიზებულად გაერთიანება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია შემდეგი მიდგომა: ერთ მხარეს იყოს კერძო სექტორი, ხოლო მეორე მხარეს - საჯარო სექტორი (იქნება ეს ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თუ სხვა უწყება). უნდა შემუშავდეს საერთო სამოქმედო გეგმა, სადაც გაიწერება ვალდებულებები: „მე ამ წელს ამას გავაკეთებ, შენ კი ამას დამახვედრებ“. მაგალითად, ამ ეტაპზე წყალტუბოში მხოლოდ ორი აბანო ფუნქციონირებს - ერთი სახელმწიფო და ერთი - კერძო. დანარჩენი აბანოებიც აღსადგენია… სახელმწიფოსთან ასეთი დიალოგი უნდა შედგეს: „მე აღვადგენ ამ აბანოს (თუ ის სახელმწიფოს კუთვნილებაა), მექნება კონკრეტული ტარიფები ჩემი სტუმრებისთვის, შენ კი ხელი შემიწყვე. მაგალითად, საერთაშორისო გამოფენებზე გასვლა დამიფინანსე ან ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგია ავაწყოთ“. წყალტუბოს ისეთი მხარდაჭერა სჭირდება, რასაც სტანდარტული საგამოფენო აქტივობები ვერ უშველის - საჭიროა, ცალკე ბიუჯეტი კონკრეტულად ამ კურორტის სარეკლამო კამპანიისთვის. ასე მარტივად არ ხდება, რომ მხოლოდ სასტუმრო ააშენო და ის თავისით დაიტვირთოს", - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასი ჯამში 49.2 მილიონი ლარია, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის, დღგ-ის გარეშე, ჯამურად არანაკლებ 314.013 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ “წყალტუბოს აღორძინებას” და სანატორიუმების გაყიდვას ხელისუფლება უკვე წლებია, ცდილობს. ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ თავად გამოისყიდდა ობიექტებს და კურორტს ააღორძინებდა, თუმცა დაპირებას საქმე არ მოჰყოლია. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროცესის შეფერხება პანდემიასა და შემდგომ ბიძინა ივანიშვილის "დე ფაქტო სანქციებს" დაუკავშირა.