მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 22 ნოემბერს დაკავებული ოთო ირემაძე სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს მას წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის შეურაცხყოფას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
შსს-ს მტკიცებით, 22 ნოემბერს ინგოროყვას ქუჩაზე აქციის დროს პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც არ ემორჩილებოდნენ, ასევე ოთო ირემაძე ხელს უშლიდა სამართალდამცველებს სხვების დაკავებაში და უმისამართოდ იგინებოდა.
"მარშის მცირე ნაწილი იმყოფებოდა იქ, სადაც დამაკავეს. არანაირი საჯარო შეძახილი ან მოწოდება პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, რომ გზის სავალი ნაწილი გაგვეთავისუფლებინა. ვკითხეთ, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა გზა და პასუხი არ მიგვიღია. მოვტრიალდით და მაგ დროს დამაკავეს მეც.
მივიჩნევ, რომ არც ერთი მუხლი არ დამირღვევია, ახალმისული ვიყავი 22 ნოემბერს აქციაზე და არაფრის მოსწრების საშუალება არ მქონია, მივედი და მალევე დამაკავეს, ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოვჩნდი. ბევრჯერ ვკითხე ჩემ დამკავებელს, რატომ დამაკავეს და სანამ არ დაურეკეს და არ უთხრეს, იქამდე ვერ მიპასუხა. არ ვარ ნასამართლევი, არც დაჯარიმებული ვარ. ჩემს ბუნებაში არაა კანონის დარღვევა. იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ“, - განაცხადა ოთო ირემაძემ.