"საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ტურისტებზე კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადის ზრდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Travel To Georgia-ს დირექტორმა და გიდმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტურისტებს აპრილიდან ფასები თითქმის გაორმაგებული დახვდებათ.

„უცხოელებისთვის მარტვილის კანიონზე შესვლა ღირდა 20 ლარი, ახლა ღირს 40 ლარი, თითქმის გაორმაგებულია პრომეთეს ბილეთიც - 25 ღირდა და 40 გახდა და ა.შ. შემოიღეს კომბო შეთავაზებები - თუ აირჩევ რამდენიმე დაცულ ტერიტორიას ერთად, თითქოს ფასდაკლება გექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაძვირებულია. გაორმაგებულია ფასები, მაგრამ რამ გამოიწვია ეს გაორმაგება არავინ ხსნის. რა გაძვირდა თუნდაც პრომეთეს მღვიმეში? თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფასი მკვეთრად? უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რამ გამოიწვია გაძვირება. თუ კვერცხს ვაიაფებთ 5 თეთრით, მაშინ დაცული ტერიტორიების ბილეთებს რატომ ვზრდით? თუ ვსაუბრობთ, რომ სუპერმარკეტები აძვირებენ პროდუქტებს, მაშინ სახელმწიფო სერვისები რატომ გვხვდება გაძვირებული? უცნაური ამბავია...“, - აცხადებს Travel To Georgia-ს დირექტორი.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის მომსახურებების გაძვირების შესახებ ტურისტულ კომპანიებს გაცილებით ადრე უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რადგან კომპანიებმა გაზრდილი ფასების ტურისტულ შეთავაზებებში გაითვალისწინონ.

"ეს გაძვირება მოხდა სეზონის დაწყებამდე, ამ დროს, ტურისტული კომპანიები ჯავშნების აღებას გაცილებით ადრე იწყებენ და ფასის კომპონენტს ითვალისწინებენ. ახლა ვიგებთ, რომ გაძვირდა. პირველად არ ხდება ასეთი რამ, ყველა გაძვირებაზე ასე აკეთებენ. 

ძირითადად ძვირდება უცხოელებისთვის, მაგრამ გაძვირებულია ქართველებისთვისაც. ქართველების შემთხვევაში შედარებით დაბალი ზრდაა, მაგრამ ოჯახი რომ წავა მოსანახულებლად, საკმაოდ მძიმე ხარჯი გამოდის, 16 ლარიც კი პრობლემაა ოჯახებისთვის. მსოფლიოში ასეთი პრაქტიკაა, რომ სეზონის ბოლოს ან მაშინ, როცა ნაკლები აქტივობაა, ახალისებენ შიდა ტურიზმს და ადგილობრივი მოსახლეებისთვის არის უფასო კვირეული, საოჯახო პაკეტებზე არის განახევრებული ან თითქმის გაუქმებული ტარიფები, რათა ოჯახებმა აქტიურად იმოგზაურონ და სეზონზე თუ ვერ შეძლებს 150-200 ლარის გადახდა, ნოემბერში, თებერვალში ან მარტში სპეციალური ფასდაკლებით 40-50 ლარად მოინახულონ დაცული ტერიტორიები, ბავშვებიც ნახავენ და იგრძნობენ, რომ ეს ქვეყანა მათია და ღობის იქით იმ ბავშვივით არ დარჩებიან, მარტვილის კანიონზე რომ მოხდა.

გაადამიანურება გვჭირდება საფასო პოლიტიკაში, მათ შორის ტურიზმში. მესმის, რომ ტურიზმი არ არის გადაუდებელი საჭიროება, ეს არის ფუფუნების სფერო, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ჯანსაღი გარემო და თუ ვსაუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, როგორი ოჯახის ღირებულებაა, თუ ამის პარალელურად ოჯახს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაცული ტერიტორია ან მუზეუმი მოინახულოს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ლაშა ბერეკაშვილმა.

პირველი აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იზრდება.