ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა.
თვითმხილველის თქმით, ქვების ჩამოშლა შესაძლოა, გაგრძელებულიყო, რის გამოც მან 112-ში დარეკა და აცნობა, რომ ქალაქის პირველ და მესამე სკოლებს შორის, იქ სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი მოსწავლე გადაადგილდება, შენობიდან ქვები ცვივა.
თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მალე მივიდნენ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, ასევე მერიის წარმომადგენელი. როგორც გაირკვა, შენობა მერიის ბალანსზეა აღრიცხული.
მიუხედავად ამისა, მოქალაქის განცხადებით, ამ დრომდე ტერიტორია არ არის შემოღობილი და უსაფრთხოების დამატებითი ზომები არ არის მიღებული. მისივე თქმით, ტროტუარზე კვლავ დევს არცთუ მცირე ზომის ქვა, რაც საფრთხის არსებობაზე მიუთითებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივები შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების დამონტაჟების და ტერიტორიის დაუყოვნებლივ შემოღობვის აუცილებლობაზე საუბრობენ.