"საქორგგაზი“ ქუთაისში გაზის სავარაუდო გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

"ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის 50 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.

დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.

აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.

თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 16 114“, – აღნიშნულია "საქორგგაზის“ განცხადებაში.

ქუთაისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.