ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ექიმებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

კომბუსტიოლოგ გიორგი აბესაძის თქმით, პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, თერმოინჰალაციური დაზიანება.

"74 წლის ქალბატონი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი.

ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხეულის ფართობის 12% არის დაზიანებული", - განაცხადა გიორგი აბესაძემ "ინფო იმერეთთან".

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ქალაქის მერის თქმით, კორპუსიდან სავარაუდოდ, 15 ოჯახის გაყვანა გახდება საჭირო.