ეს არის ქართველი ხალხის ძეგლი და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. სამწუხაროდ, იქ დანაშაული რომაა ჩადენილი, ამას ინახავს საქართველოს საპატრიარქო, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გელათის საქმეზე საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო.
"გელათი არის სახელმწიფოებრიობისა და განათლების სიმბოლო და ის ექვემდებარებოდა პირდაპირ მეფეს. ფაქტობრივად, ეს არის ძველი ფეოდალური სისტემის მოდიფიკაცია, სადაც გარკვეულ სივრცეებს აკონტროლებს მეფე და ეს ნიშნავდა იმას, რომ იყო სამეფო მონასტრები, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებოდა და ის, რომ სადღაც იყო თავადი და მის ქვეშ იყო ეკლესია და ეკლესია ვერ იყო ერთიანი, აღმაშენებელი ცვლის ამას და გარკვეული მონასტრები არის პირადად მის დაქვემდებარებაში. ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი სიმბოლოც არის. ასევე, ეს არის საგანმანათლებლო სიმბოლოც. სუფთა პარადოქსია, რომ ამ მნიშვნელოვან სიმბოლოში დღეს, 21-ე საუკუნეში ვერ დავადგინეთ რა ხდება და 5 წელია, ინგრევა. ვერ დადგინდა - ვინ ჩაიდინა დანაშაული და ეს ვითარება, რაც არსებობს ამას ვერ ვცვლით. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ის, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია არიან გარიგებული, რომ დაფარონ გარკვეული დანაშაული იმიტომ, რომ ის, რაც გელათში ხდება, არის დანაშაული. ამ შემთხვევაში, ეს პრობლემაა. 21-ე საუკუნეში პრობლემაა, რომ საზოგადოებამ არ იცის, მეცნიერებს არ უშვებენ, მედიას არასაკმარისად უშვებენ და ცივილიზაციას შორდება. ცივილიზაციას არ აქვს ბოლომდე ინფორმაცია, თუ რა ხდება. ეს მთლიანი კომპლექსია იმ მძიმე მდგომარეობისა, რაც ხდება საქართველოში. ეს არის დანაშაული.
სწორედ ამაზე უნდა შექმნილიყო თავის დროზე საგამოძიებო კომისია. ამ შემთხვევაში, ჩადენილი იყო დანაშაული და უნდა შექმნილიყო კომისია, მაგრამ ვინ უნდა დაიბარონ და ვინ უნდა შეისწავლოს, წულუკიანმა საკუთარი დანაშაული?! ეს არის ამორალური და არასახელმწიფოებრივი ქმედება. ვერანაირი პასუხისმგებლობის ეკლესიაზე გადაბარება ვერ მოხსნის სახელმწიფოს თავის პასუხისმგებლობას. ეს არის ქართველი ხალხის ძეგლი და ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. აუცილებელი იყო, რომ ეს პროცესი გახსნილი ყოფილიყო, სამწუხაროდ, იქ დანაშაული რომაა ჩადენილი, ამას ინახავს საქართველოს საპატრიარქო", - განაცხადა სერგო რატიანმა.