კი, ზუსტად ასე მინდოდა მეთქვა. დიდი კაცი. ამ ქალაქის სინდისი და ნამუსი. თავდახრილი, ძველებური ზრდილობით და სალმით, მოკითხვით, ისტორიის ფურცლიდან გადმოსული, განიერი მხრებით, მოზომილი ნაბიჯით, დაუვიწყარი სილუეტით, იმედიანი ხმით და გამორჩეული სიტყვით.

არქივში მივაკითხე ბატონ მერაბს. დარწმუნებული ვარ, იფიქრა, რომ ჩემი საყვარელი საქმისთვის შევაწუხე, - ქუთაისის წარსულში ქექვის მოკრძალებული სურვილით. ბლოგი რომ გაიგონა, იუარა, "იმდენი კარგი ადამიანია, მე არა, გთხოვო“. მართლა სჯერა, რომ ბევრია მასზე კარგი და საყურადღებო. ამ რწმენისაა ეს დიდი კაცი, შიგნიდან კრისტალივით ფაქიზი, ფოლიანტების დამხარისხებელი და ამომკითხველი, შავ-თეთრ ქუთაისზე ცოდნით შეყვარებული და წარსულის რიდიანი მსახური.

გელათში დაიბადა. წინაპრების სამსაუკუნოვან ფუძეზე. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული მონასტრის და აკადემიის ახლოს.  ესეც რაღაცნაირად სხვა იდუმალებას, სხვა კდემას მატებს ჩემი ბლოგის გმირს. კაცს, რომელიც საკუთარზე საუბარს, მშობელი მამის ცხოვრებით იწყებს. მერე ვფიქრობ, - იქნებ ამიტომაცაა ასე დიდი, - მშობლების ბიოგრაფიით ამოვსებული სულით ხორცამდე.

ხის სკოლაში იარა რვა კლასამდე, მონასტრიდან ჩამოტანილ, ბერების საცხოვრებელ ნაგებობაში, წვიმა და ქარი რომ ატანდა კედლიდან.  დედა დაწყებითი კლასის პედაგოგი ჰყავდა, მამა - სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი. მისი თავდაუზოგავი ღვაწლით აშენდა ახალი შენობა, მის დროს გახდა სრული საჯარო სკოლა, მან შეძლო პირველმა უფასო სახელმძღვანელოები აქაური მოწაფეებისთვის, სანამ სახელმწიფოს გადაწყვეტილება წამოეწეოდა და უფასო კვებაც დაასწრო განათლების რეფორმას. ეს ყველაფერი, შრომის და ზრუნვის ხარჯზე იყო. აი, ისეთი სინდისის და უძილო ღამეების ხარჯზე, ჩვენი ბაბუა-ბებიების მოგონებებში რომ გამოანათებს და დღესაც სანთლით ეძებ მათნაირს, მათ მაგვარს.

- რვა კლასის შემდეგ, ქუთაისშიც შემეძლო სწავლა გამეგრძელებია და ტყიბულშიც, მაგრამ მამამ - "სხვას რა ვუთხრა, ჩემი შვილები რომ ქალაქის სკოლაში გადავიყვანო, რა მაგალითი მივცეო“ და ორი წელი მერაბმა სოფელ კურსების სკოლაში გაასრულა, 7 კილომეტრის გავლით ყოველ დღე, სკოლიდან სახლამდე, როგორც ყველასთვის იყო წესი.

ჩემი აზრით, ზუსტად ასე იწრთობა სინდისი, რომელსაც ჩვენი „დიდი კაცი“ ატარებს დღემდე და ასე იქნება მისი შვილების მემკვიდრეობაც. გენეტიკურია ეს. მე ასე მჯერა.

არ ელის დღეს, რომ ბლოგს მივუძღვნი. არადა, მომენატრა მისი მოსმენა, მის მართალ სიტყვასთან მიყრდნობა და დაფიქრება.

ათეული წლის წინ,  ჩემს წინაცხოვრებაში, რომელიც სავსე იყო ნათენები ღამით და ფიქრით, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვქმნიდით და ვიწყებდით, პირველად ბატონ მერაბთან საუბრებში, საარქივო შრომის დროს  აღმოვაჩინე "ქუთაისის მუნიციპალური მოღვაწე“, როგორც ყოველთვის საჭირო ადამიანის ტიპი და მაშინვე შემიყვარდა. ესენი იყვნენ ამ ქალაქის პირველი ხმოსნები, ევროპაში განათლებამიღებული, ან აქაური კლასიკური გიმნაზიის შარმიანი ბიჭ-კაცები, რომელმაც ის ქნეს, რაც დღეს ასე უყვარს ყველას ამ დალოცვილ ქალაქში - სული მისცეს აქაურობას, სული და ხასიათი. ზუსტად იმ დროიდან,  ქუთაისის მთავარი არქივარიუსი, ისეთი, როგორიც ბლოგის დასაწყისში აღვწერე - ეპოქის ფერიდან განსხვავებული, ატიპური, თითქმის მეცხრამეტე საუკუნის მოღვაწის მსგავსი, - ქუთაისის პატრიოტ ხმოსნებს ვადარე და დღემდე მჯერა, რომ ამ გულის და წესის მატარებელია. კი, ბატონ მერაბ კეზევაძეზე ვამბობ - დიდ კაცზე, ქუთაისის ქუჩებში რომ შეგხვდება და სხვა სიოს იგრძნობ.

- მეორე კლასში ვიქნებოდი, წერა-კითხვა კარგად ვიცოდი უკვე, სოფლის მაღაზიაში შევედი მამასთან ერთად. გახსოვს ეს როგორი მაღაზიები იყო? ყველაფერი იყიდებოდა: კარაქი, რძე, ხორცი, კოსტიუმი, ლურსმანი.. ყველაფერი. წიგნები ცალკე კარადაში იდო. და პირველად ვიყიდე გივი ჯამბურიას „გიორგი სააკაძე“. აქ გადაწყდა ჩემი მომავალი პროფესიის ბედიც. წიგნში ნახსენები ყველა სახელი ზეპირად ვიცოდი, ყველა ისტორიას განსაკუთრებული ემოციით ვყვებოდი ჯერ კიდე პატარა ბიჭი.

"პატარა ბიჭობიდან“ მესამე კურსზე უკვე პირველი კვლევა გააკეთა გელათში ნაპოვნი  უცნობი ხიდის ნანგრევებზე. "უნდა დაიბეჭდოსო!“ - ჯილდოსავით შეფასება მიიღო ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძისგან.. მერე იყო ოცნება კვლევის და ძიების. არა, ‘’მერე“ კი არა, სულ. არქეოლოგობაზე ოცნებობდა,  ქუთაისის ისტორიული უბნების განახლების გეგმა დამტკიცდა და დადგა დიდი ოთარ ლორთქიფანიძის და ომარ ლანჩავას ექსპედიციების გვერდით, ახალგაზრდა, პატრიოტი.. ბაგრატის ტაძარს გამოაცალეს შიშველი ხელით გაველურებული ეკალბარდები, ტიმ სევერინს დახვდნენ პატივით და საქმით, ‘’დიდი შაბათობების“ ესტაფეთა წამოიწყეს, მადლიანი და საჭირო ამ ქალაქის სიძველეზე მტვრების გადასაფერთხად. რა დიდებული განცდაა!!

სულ შრომობდა. ემსახურებოდა, რისიც სჯეროდა,- აწმყოსთან ერთად, წარსულს, - ფურცლებში გაფანტულს, ფერგასულს, გაცრეცილს, ძნელად ამოსაკითხს, ამოსაცნობს, გაუმზეურებელს. აქ იპოვა საკუთარი შემოქმედების მთავარი ვნება, დროის და სივრცის რღვევის მისებური ხელოვნება, სადაც მარტომ შეგიძლია შექმნა და შეცვალო. არქივი - მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და კანონზომიერადაც. ბატონმა ზურაბ ქაჯაიამ დაუძახა და სწორედ მისთვის ძვირფასი არქივის მთავარი მცველობა შესთავაზა. ახლაც უხერხულად იხსენებს ამ დღეს და ამ გზის დასაწყისს, რომელიც უკვე საუკუნის მესამედზე დიდხანს გრძელდება.

- 1992 წელზე ცუდი წელი იშვიათად მახსოვს. ძველი აღარაა და ახალი ჯერ არ ჩანს.

ზუსტად ამ დროში მოუწია ყველაზე საპასუხიმგებლო ვალდებულების აღება. შენობის გადახურვა კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო. და დაიწყო მამის კვალზე სიარული, პატიოსნად, ერთგულად, გამორჩეული წესიერებით, მეცნიერის და მკვლევრის, მწერლის და დოკუმენტალისტის ერთგვარი ნაზავით, სახელით და პატივისცემით.

ბლოგი ბიოგრაფიის აღწერა არ არის. ბლოგი ის არის, რაც მე მინდოდა მეთქვა ‘’დიდ კაცზე“, რომელიც გელათიდან  ქუთაისში ყოველდღე  მძიმე მხრებით დადის და ამ ქალაქის წარსულს მოკრძალებით ალაგებს. ახლა 100 წლის არქივს საკუთარი შენობა აქვს. თეა წულუკიანის მინისტრობის დროს გადაწყდა ეს სამადლო ამბავი. ეკუთვნოდა ამ ფასდაუდებელ სიძველეს სამუდამო დავანება, დასვენება - ახალი ამოსუნთქვების, ახალი ამონათებების მოლოდინში. მაგრამ ეს სხვა თემაა. მე ბატონ მერაბზე ვწერ. კაცზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად ჰგავს იმ ეპოქის ადამიანს, პატიოსნად რომ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს, ქვეყანას, ხალხს, ქალაქს. ასე მგონია, ყველა ჩემს კითხვაზე მივიღებ პასუხს "დიდი კაცისგან“, წარსულის ყველა ქალაქის თავს და ხმოსანს რომ აერთიანებს მის დიდ ბუნებაში, მის დიდ მეხსიერებაში. ეს კაცი ამ ქალაქის  ნამდვილი სინდისია

- სახელმწიფო სამსახურში უპატიოსნო კაცი არ უნდა მუშაობდეს

მეუბნება და ვთანხმდები! ასე მჯერა, ასე მომწონს და ამიტომაც ვუძღვენი ორშაბათის ბლოგი მას, ყველა იმ მუნიციპალური მოღვაწის აჩრდილთან ერთად, რომელსაც ქუთაისისთვის ღამე უთენებია

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინი: ნიტა ხაჩიძე