სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ანგარიშში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, მუნიციპალური სერვისების და ბიუჯეტის ადმინისტრირების მიმართულებით.
აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში კონტროლის მექანიზმები არასაკმარისია. კერძოდ, გამარტივებული შესყიდვის საშუალება გამოყენებულია სათანადო დასაბუთების გარეშე, ხოლო ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები არ გატარებულა. ასევე, შეწყვეტილი ხელშეკრულებებით მიღებული ზიანის კომპენსაციისთვის მუნიციპალიტეტს ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ანგარიშში საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემებზეც. აუდიტის თანახმად, 2 მილიონ 519 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროექტებში სამუშაოების ნაწილზე დადგენილი ხარისხი არ არის მიღწეული, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესდა.
დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი იბარებდა ხარვეზებით შედგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რამაც გავლენა მოახდინა სამუშაოების ვადებსა და სახელშეკრულებო ღირებულებაზე. ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციის მიმწოდებლების მიმართ მუნიციპალიტეტს შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია.
აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ სამუშაოების დასრულების ვადები 15 შემთხვევაში დაუსაბუთებლად გაიზარდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და აქტივების მართვის ხარვეზების გამო მუნიციპალიტეტმა 158 ათასი ლარი არაეფექტიანად დახარჯა, რადგან შესყიდული საპროექტო დოკუმენტაცია დროულად ვერ გამოიყენა.
პრობლემები გამოვლინდა მუნიციპალური სერვისების მიწოდებაშიც. აუდიტის თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზებია – ზოგ შემთხვევაში სასმელი წყლის მიწოდებას არალიცენზირებული პირი ახორციელებს, მოსახლეობის ნაწილს წყალი ცენტრალიზებულად არ მიეწოდება, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება და ზოგჯერ დადგენილ სტანდარტებსაც არ შეესაბამება.
დოკუმენტის მიხედვით, პრობლემებია მუნიციპალური ავტოპარკისა და საწვავის გამოყენების კონტროლის მიმართულებითაც. აუდიტის ინფორმაციით, საწვავი გამოყენებულია არაავტორიზებულ ავტომანქანებზე, ასევე მოხელეების შვებულებაში ყოფნის დროს და მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ, რაც არასამსახურებრივი გამოყენების რისკებს ქმნის.
გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში საუბარია ქონების მართვისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის ხარვეზებზე. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა და სრულად ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზება.
ასევე გამოვლინდა დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების პრობლემები, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სრულად ვერ მიიღო შესაბამისი მოსაკრებელი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე უარყოფითად აისახა.