სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.
ამ დროისთვის სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.
12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.
გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.
პატრიარქის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.