ამ ამაღელვებელ ამბავს ცამეტწლიანი ფიქრის ისტორია ჰქონია.
სანამ ცეკვა „ქუთაისური“ ჩვენს გულებს სიყვარულისა და აღფრთოვანებისგან დახეთქავდა, ერთი, საკუთარ ქალაქზე ჯიშით და წინაპრებით შეყვარებული ბიჭი ოცნებობდა: იწყებდა და ჩერდებოდა, მერე ისევ თავიდან იწყებდა და აღარ აგრძელებდა, ოღონდ მხოლოდ დიდი სიყვარულის და მოწიწების გამო. ზუსტად ისე, როგორც "ჭელო“ მოახურავს ძველქუთაისურ კოსტიუმს მიჯნურს ნაზ მხრებზე, ისე შემოაფინა ეს ძვირფასი განაცხადი დიდ სცენას შოთიკო ჯიშკარიანმა - თავმომწონე ყმაწვილკაცის ოდნავ ჩაკეცილი მუხლით, თვალის ჩაკვრით და ვარდის კოკრით გულის ჯიბეში. თავიდან ბოლომდე ქუთაისური ურთიერთობის აკორდებით!
ბოლო დღეებია ირაკლი ჭელიძის „ქუთაისურმა“ მონუსხა საქართველო. მეც მათ შორის ვარ, ვინც „ქუთაისურის“ გულზე გავლით დაიწყო ცეკვაში სხვებზე დატოლება და ზარების რიგში ჩადგა. მიმაჩნია, რომ ცეკვის ბევრი არაფერი გამეგება და არცოდნა გრძნობებად ვაქციე. თურმე რა ცოდნა უნდა, უბრალოდ შეხედე, თვალი გააყოლე ქუთაისურად და მიხვდები, რომ ამ წვივაწკეპილი ბიჭის ხელის მტევნის ულამაზესი მოძრაობიდან გადმოსული, შენი ბებერი და ასაკს დაუმორჩილებელი ქალაქი ცეკვავს ძარღვებში სიტყვებად, თუ ნოტებად. ეს ჩემი ქალაქის ცეკვაა - თეთრი ხიდის, საფიჩხიის, გაბრიაძის უბნების, ბულვარის, თეატრის, ქუჩების, აღმართების, ჩიხების, ბილიკების, სახლების, ფანჯრების ერთად აცეტებული გულის ცეკვა. პანოების და მემორიალური დაფების, ან უსახელოდ დარჩენილი ძველი ქუთაისელების ლანდების, მუჭში ერთად მოქცეული ბევრი თაობის ნადღეგრძელები თუ უდღეგრძელები ხსოვნის თრთოლვაა, მიხვრა-მოხვრაა, შემოვლებაა, გასმაა და მხრების შეთამაშება.
ვალიკოს ქუდი "მიმინოდან" მთავარი ინსპირაცია იყოო, ცეკვის ავტორმა. პირველად ყოფილა, რომ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს ახალი ცეკვის გამოძერწვა თუ მძივად ასხმა კოსტიუმის ელფერით და გემოთი დაუწყია. ასე, მოხატა ერთი სილუეტი ძველი ქალაქური ქუდით და პიჯაკით, გალიფე შარვლით და „აზიაცკით“ და თვითონ გაიარა „ქუთაისურად“ ჯერხორცშეუსხმელმა მოცეკვავემო, ამბობს. მამის საყვარელი სიმღერა „ქუთაისი გადამწვარა, რერო“ და მისი არჩეული „გულში ჩასახუტებელო“ პირდაპირ ქარგავდა სათქმელს და შესაქმნელს.
- ესე იგი, „ქუთაისურზე“ ფიქრი კაცის დომინანტობით დაიწყეთქო?
- აბა, აბა რაო! ქალები მერე გაჩნდნენ, ჩვენი გიმნაზისტების სინარნარით და კდემით, თორემ კაცია მთავარი თემა, ქუჩა, დილის სალამი, ურთიერთობის აქაური პატივისცემა, არტისტიზმი, სიდარბაისლე
შოთიკო ჯიშკარიანს სჯერა, რომ თუ ქუთაისის ქუჩებში ბევრი არ გიწოწიალია, გიხეტიალია, ისე ამ ცეკვას ვერ შეისუნთქავ და ვერ შეაყვარებ. მთელი მეოცე საუკუნის შუა წლების ქუთაისურ-ბულვარული ნარატივი აქვს გაფენილი სცენაზე, თავის „პატივსაცემი პერსონებით“, ცხელსისხლიანი, დაუმორჩილებელი გიმნაზისტებით, ერთმანეთზე წაკიდებული და მალე დაშოშმინებული ჯიშიანი ბიჭებით, ქუთაისელებისთვის ძვირფასი ებრაელებით, გვერდიდან მაყურებელი მოსეირე ან საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციაში „ჩამრევი“ კაცებით, ბულვარის ტროტუარებზე გამოსული თეთრსაყელოიანი ეშხიანი გოგოებით, გამიჯნურებით და მეტოქეების წაკიდებით, პიკასოს ბიჭით და ქუთაისის უკვდავი ჰიმნის ფინალით, - სუნთქვას რომ შეგიკრავს, ისე! დასაწყისიდან დასასრულამდე - სიყვარულის ახსნაა ამ ქალაქთან! და ამ სიყვარულის ცეცხლი „ჭელოს“ საოცარი ეშხით გადავიდა მთელ საქართველოზე და თავიდან მოხიბლა აქაურიც და იქაურიც.
- ეს ცეკვა საჩუქარია - ამბობს შოთიკო. ანუ, გულისხმობს, რომ სხვა, სახელმწიფო ანსამბლის მჭექარე და ცეცხლოვანი ნომრების რიგში არ განიხილავს, მაგრამ ეს შეფასებაც მისი საავტორო თავმდაბლობის გამოა, თორემ, აბა, მიდი და გააკეთე მშობლიური ქალაქისთვის ასეთი „ერთი სულით ამოთქმული“ საჩუქარი, ყველა მკერდს რომ დაამშვენებს და გაანათებს.
ახლა გამარჯვება გვინდა! ქუთაისს უხდება გამარჯვებულები. ეს პოეზიასავით ცეკვაც იმსახურებს დიდ სიხარულს. ამბობენ, უხსოვარი დროიდან, ცეკვას ღმერთებისთვის ასრულებდნენ, რადგან სჯეროდათ, - ღმერთებს სამყაროში სულის სიმშვიდე და ბედნიერება რომ მოეტანათ, მათი გართობა იყო საჭირო, მათთვის სიამოვნების მინიჭება.. ამიტომაც აქვს ცეკვას ღვთიური მადლი.
ჩემი ბლოგი არ იყო ქორეოგრაფიაზე, არც ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლზე, არც მის ღვაწლზე და დიდებაზე. ჩემი ბლოგი აღტაცების მიდევნებული ხმა იყო ერთ ნიჭიერ კაცზე, ირაკლი ჭელიძეზე, ცეკვავენ ვარსკვლავების ქუთაისურ ვარსკვლავზე, რომელმაც საყოველთაო სიყვარული და საერთო გულისცემა, სწორედ ამ ქალაქის სახელით დაგვაწყებია და რაღაც ნამდვილად განსაკუთრებული, ნამდვილად მგრძნობიარე, ნატიფი და ცოტა დავიწყებულიც გაგვახსენა - ერთად გამარჯვების მადლი!
მადლობა შოთიკოს, რომელმაც ეს „გულში ჩასახუტებელი“ ცეკვა შექმნა, რომლითაც უეჭველია, ათეული წლები და უფრო დიდხანს, ქუთაისელების თაობები იდღესასწაულებენ და თავს მოიწონებენ. რომლითაც თაობებში მარტო ამ ცეკვის ტრადიცია კი არა, ამ ცეკვით მოყოლილი ჩვენი ქალაქის ამბები იცოცხლებს!
ცერზე შემდგარია ქუთაისი „ჭელოს“ გამარჯვების მოლოდინში!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინი: ნიტა ხაჩიძე