სპორტის და უძრავი ქონების შემდეგ ზაზა ფაჩულია ენერგეტიკის ბიზნესში შედის. სპორტსმენი და ბიზნესმენი რაჭაში "სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 661-ე განკარგულებიდან გახდა ცნობილი.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ზაზა ფაჩულიას კომპანია "სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა. რისთვისაც ინვესტორმა ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს.
განკარგულებით ქონების 49 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის პირობად "სადმელი ჰესის" აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა.
ბიზნესრეესტრის მიხედვით, კომპანია "სადმელი ჰესი“ 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, თუმცა ზაზა ფაჩუალიამ მისი 100%-იანი წილი 2025 წლის ივნისში ნანა ყეინიშვილის შვილისგან ნათია ლოლაძისგან 450 000 დოლარად შეიძინა. დღეს კომპანიას ლევან დიასამიძე ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, NBA-ს ქართველი სპორტსმენი დღეს საქართველოში წილებს რამდენიმე კომპანიაში ფლობს:
შპს პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი "თბილისის დინამო" - რეგისტრირებულია 2011 წელს; ზაზა ფაჩულია - 75%; შიო ხეცურიანი - 25%;
შპს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია - რეგისტრირებულია 2015 წელს; ზაზა ფაჩულია - 100%;
შპს ქროსთი გლობალ - რეგისტრირებულია 2016 წელს; გიორგი მიქაია - 77.6%; ზაზა ფაჩულია - 9.1%; შოთა მიქაია - 8.24%; ლევან გიორგაძე - 5%;
შპს მარნეული ალმონდს - რეგისტრირებულია 2018 წელს; შპს იბერკომპანი - 90%; ზაზა ფაჩულია - 10%;
შპს სიონი ლეიქ რესორთ & სპა - რეგისტრირებულია 2019 წელს; ზაზა ფაჩულია - 50%; ივლიანი(ილია) წულაია - 50%;
შპს ჰუფს ჯორჯია - რეგისტრირებული 2021 წელს; ზაზა ფაჩულია - 100%;