დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე. ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საბოტაჟის საქმეზე მას ბრალს ისე სდებენ, რომ მტკიცებულებები და ფაქტები არ აქვთ.
“საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა, უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო.
არაფერი არ ახსოვთ მეტი - არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი, მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა. დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე. ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად. ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელ-ნელა.
ps ეს მარჯვენა ხელზე ჩაციკლული პოლიციელები ცოტა უხერხული კია. მარჯვენა მარტო დირიჟორობისთვის არ გამოიყენება, მოგეხსენებათ“, - წერს ნიკა გვარამია.
გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.