ჭიათურის ყოფილი მერი და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე პაატა ნადირაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელიც დაკავებულია, საჯარო განცხადებით მიმართავს.

პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ლილუაშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყნისა და მოქალაქეების პრობლემების ნაცვლად, კორუფციულ გარიგებებსა და  „ატკატებში“ იყო ჩართული. ყოფილი მერის თქმით, ის წლების წინ უსამართლოდ აღმოჩნდა სისტემის წინააღმდეგ მარტო დარჩენილი და არაერთხელ უშედეგოდ ცდილობდა მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ლილუაშვილთან, შეხვედრას.

პაატა ნადირაძე იხსენებს ჭიათურაში მის წინააღმდეგ დადგმულ, მისი შეფასებით, „სპექტაკლს“, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩართული იყვნენ ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურების წარმომადგენლები. მისი განცხადებით, მაშინ ის სიმართლის გარკვევას და საკუთარი გარემოცვის დაცვას ითხოვდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"ეხ, გრიგოლ, გრიგოლ!

ადამიანურად ნამდვილად არ მიხარია ის, რაც შენს გარშემო ხდება. ეს გზა მე უკვე გავლილი მაქვს — უსამართლოდ (ჩხუბზე?!), შენ კი, როგორც ჩანს, სამართლიანად — მილიონების მოპარვაზე.

ახლა მივხვდი, რატომ არ გეცალათ ქვეყნისთვის და არასწორად დაჩაგრული ადამიანებისთვის, მაშინ, როცა შენ და შენს ყოფილ კოლეგას მთელი ქვეყნისა და ადამიანების ბედი გებარათ. იმ კოლეგაზე ვსაუბრობ, შენზე წლებით ადრე რომ „მიაბრძანეს“ იქ, სადაც ახლა შენ მიხვალ. რატომ არ გეცალათ? რისთვის გეცალათ?

როგორც აღმოჩნდა, მაშინ „მწვანეებს“ ითვლიდით — ათასებზე არაა საუბარი, მილიონებზეა — და ატკატების „რაზბორკებში“ იყავით ჩართული. სამარცხვინოდ, ბავშვების საჭმელების ატკატებშიც კი. იმ დროს, როცა მე ჭიათურის ამბებზე ნერვიულობის ნიადაგზე ლამის სიცოცხლე დავამთავრე.

შიდა და გარე ნაძირლების მიერ შეგნებულად დადგმული, 8 წლის წინანდელი სპექტაკლის გამო, შეგნებულად ჩამაგდეს განსაცდელში და მარტო დამტოვეს სისტემის წინააღმდეგ. ნადირაძის 8 წლის წინანდელი ზარი, ალბათ, არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს არ გახსოვთ. არც ის შეხვედრის თხოვნა, რომელსაც ერთს, მეორეს, მესამეს და თვით პრემიერსაც კი ვუგზავნიდი — პრემიერს, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს.

შეშინებულები კაბინეტებიდან ვერ გამოდიოდით, პასუხები რომ გაგეცათ. დღეს სასაცილოდაც არ მყოფნის, როგორ „დაიმალა“ მაშინ პრემიერი ბახტაძე. მე მახსოვს. არასოდეს დამავიწყდება. შენახულიც მაქვს.

მახსოვს, რაც მითხარი: „ჩხუბი, აყალმაყალი, ცემატყეპა — მე არ მეხება“. თითქოს შენი სამსახურის უფლებამოსლებას ვკითხულობდი, ან ჩხუბში დახმარებას გთხოვდი.

გაგახსენებთ, როგორ გემუდარებოდით — სიმართლე გამარკვევინეთ-მეთქი. გთხოვდით, თქვენი სისტემის სამხარეო ნაწილის მიერ, ჭიათურის სუსის ყოფილი ნაძირალა კადრის, ჩემი გარემოცვიდან რამდენიმე ნაძირალას და ადგილობრივი, ფულით გაზულუქებული ფეოდალის მიერ ერთობლივად, ჭიათურაში ჩემს წინააღმდეგ დადგმულ სპექტაკლზე სწორი ანალიზი გაგეკეთებინათ.

გემუდარებოდით — მე მზად ვარ ყველაფრისთვის, ოღონდ იმ ჩემს „მეგობრებს“ (რამდენიმე კითხვის ნიშანს ახლაც იმსახურებენ) მაინც გაანებონ თავი-მეთქი.

რა ვქნა, გრიგოლ — კორუფციაზე, ატკატზე, ქვეყნისა და მეგობრების ღალატზე საუბარი მე კარგა ხანია აღარ მეხება. არც მორალურად და არც კანონით — თქვენს გამო.

როცა გამოხვალთ, როცა ყველანაირად თავისუფალი იქნებით, ჩვეულებრივად, ყოველგვარი ჩინებისა და სტატუსის გარეშე, როგორც ყველა ადამიანი — დანარჩენებზე მერე ვისაუბროთ", - წერს პაატა ნადირაძე სოციალურ ქსელში.