ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს. სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, ხელშეკრულება სააგენტომ შპს "ბიდიო კონსალტინგთან“ გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა 7 წლის შემდეგ, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მოწყობის იდეას კვლავ მიუბრუნდა.
დოკუმენტის მიხედვით, კვლევის მიზანი საქართველოში ელექტრომობილების (EV) წარმოების დაწყების მიზანშეწონილობის შეფასებაა, განსაკუთრებული ფოკუსით ქუთაისზე, როგორც ინდუსტრიულ ცენტრზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური წვდომა პორტებთან და რეგიონულ ბაზრებთან.
ხელშეკრულების ღირებულება 141 600 ევროს ეკვივალენტია ლარში. კვლევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში და საბოლოო შედეგი წარმოდგენილი იქნება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა.
პროექტზე მუშაობაში "ბიდიო კონსალტინგთან“ ერთად ჩართული არიან მისი ქვეკონტრაქტორები, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები - BDO China და CACI (Jilin) Technology Service, რაც კვლევის გლობალურ კომპონენტზე მიუთითებს.
მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის ქუთაისში აშენების პროექტს 2019 წელსაც გეგმავდა. 2019 წლის 27 მაისს, ეკონომიკის სამინისტროს, ჩინურ კომპანია Changan-სა და ქართულ კომპანია "აი გრუპს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც 24 თვის ვადაში ქუთაისში დაახლოებით 100 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობას მოიცავდა. პროექტი არ განხორციელდა, რაც თავდაპირველად პანდემიას უკავშირდებოდა, თუმცა ის არც პანდემიის შემდეგ არ განახლებულა.