“უკანონო განაჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ, სამართლებრივ ბრძოლას განვაგრძობთ”, – ამის შესახებ სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

წერილს მისი უფლებადამცველი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

“ორ დიდ და ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას ვაგრძელებ ციხის პირობებში და რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, ეს პროექტები მაინც განხორციელდება. ამ ყველაფრისთვის მოტივაციას მაძლევს თქვენი თანადგომა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ენერგიის მომტანია”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.

სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.

გალუსტაშვილმა ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

პროკურატურა 11-ვე დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებოდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.