გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 90 ფაქტი გამოავლინეს. მათგან ყველაზე მეტი – 16 სამართალდარღვევა – იმერეთში დაფიქსირდა.

სტატისტიკის მიხედვით, სხვა რეგიონებში მონაცემები ასე განაწილდა: გურია – 15 ფაქტი, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 12, ქვემო ქართლი – 10, აჭარა – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7, შიდა ქართლი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1 ფაქტი.

გამოვლენილი 90 შემთხვევიდან 26 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 2 015 753 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კანონდამრღვევებს 51 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

წიაღისეულის უკანონო მოპოვება გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პროცესის შედეგად შესაძლოა მოხდეს მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება და დასახლებული პუნქტების დატბორვა ან წარეცხვა.