ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტმა თანატოლებისგან 22 000 ლარამდე მიითვისა და მიიმალა.

დაზარალებულები „ინფო იმერეთს“ დაუკავშირდნენ და თემის გაშუქებას ითხოვენ. მათი განცხადებით, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დაზარალებული უცხოელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ. თანხა ინდოეთის მოქალაქემ მიითვისა, რომელიც ასევე ქუთაისში სწავლობს.

"თქვა, რომ ფული დის ოპერაციისთვის სჭირდებოდა; სხვებს უთხრა, რომ ვიღაცამ მოატყუა და ამიტომ დასჭირდა თანხა; ზოგს კი უთხრა, რომ საკრედიტო ბარათის დავალიანების დაფარვა სურდა. უკვე ორი თვეა, მასთან კავშირი საერთოდ აღარ მაქვს“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული „ინფო იმერეთთან“ საუბარში.

სტუდენტების თქმით, საქმეზე ოფიციალური საჩივარი უკვე შეტანილია საქართველოს პოლიციაში. თუმცა, დროის გასვლის მიუხედავად, ეფექტური ნაბიჯები და შედეგები ჯერ არ ჩანს.

ამასთანავე, დაზარალებულებმა ინფორმაცია მიაწოდეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც.

„ჩვენ უკვე შევატყობინეთ ამ საკითხის შესახებ საქართველოს პოლიციას და წარვადგინეთ ოფიციალური საჩივარი ფინანსური თაღლითობისა და დაზარალებული სტუდენტებისგან აღებული თანხების შესახებ. ჩვენი ძალისხმევისა და დროის გასვლის მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია ეფექტური ზომები ან დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა,“ - აღნიშნავენ დაზარალებულები.

„ინფო იმერეთი“ აგრძელებს საკითხის შესწავლას და ახალი დეტალების შესახებ მკითხველს ეტაპობრივად აცნობებს.