ქუთაისის მე-17 საზაფხულო საჯარო ბაღში მყოფი აღსაზრდელის მშობელი ლიზა ლოსაბერიძე სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას აზიარებს და ბაღში არსებულ პირობებსა თუ პერსონალის დამოკიდებულებას აკრიტიკებს. მშობლის თქმით, სამუშაო გრაფიკის გამო იძულებული გახდა ბავშვები საზაფხულო ბაღში მიეყვანა, თუმცა იქ არსებულმა რეალობამ მისი მოლოდინები არ გაამართლა.

როგორც მშობელი იხსენებს, პრობლემები პირველივე დღეს დაიწყო, როდესაც ადაპტაციის პროცესში მყოფ, ტირილით და შიშით მოცულ ბავშვს პერსონალის მხრიდან ყურადღება არ მიექცა. 15-წუთიანი ამაო მცდელობის შემდეგ, დედამ თავად სთხოვა პედაგოგებს პატარას მოფერებოდნენ, რაზეც პასუხად მოისმინა: "ნეტავ მეც მომეფეროს ვინმე, ყველას უყვარს როცა გვეფერებიან, ნახე რამდენი ბავშვია აქ“. მოგვიანებით კი, როდესაც შვილების წასაყვანად მივიდა, პერსონალისგან კიდევ ერთი გულსატკენი ფრაზა მოისმინა: "ახლა მივხვდი, რატომ გყავს სახლიდან გამოგდებული ბავშვები“.

ემოციური წნეხის გარდა, მშობელი ბავშვთა საბაზისო მოთხოვნილებების უგულებელყოფაზეც საუბრობს. პატარების გადმოცემით, აღმზრდელებმა ერთ ბავშვს წყალი არ დაალევინეს, ხოლო მეორეს ტუალეტში გასვლის უფლება არ მისცეს, რის გამოც ბავშვმა ჩაისველა. ამასთან, მშობელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ორი დღის მისული პატარა მასწავლებელს ჩაეხუტა, რაზეც პედაგოგისგან ცივი პასუხი მიიღო: "დამანებე თავი, ისედაც მცხელა“.

მშობლის თქმით, ეს მხოლოდ მისი ოჯახის პრობლემა არ არის - მსგავს დარღვევებზე სხვა მშობლებიც საუბრობენ და ნაწილმა უკვე გამოიყვანა შვილები აღნიშნული ბაღიდან. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა კი არ არის, არამედ ბავშვებისთვის უსაფრთხო და თბილი გარემოს უზრუნველყოფაა. მშობელი გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფომ დააფასოს და მაღალი ანაზღაურება გადაუხადოს იმ გულანთებულ პროფესიონალებს, რომლებიც საქმეს სიყვარულით აკეთებენ, ვიდრე სისტემა "ვითომ პედაგოგებით“ იყოს სავსე.

"ინფო იმერეთი" მზადაა, სურვილის შემთხვევაში მე-17 ბაღის ადმინისტრაციის ან ქუთასიის ააიპ ბაღების გაერთიანების საპასუხო კომენტარი გაავრცელოს.