ქუთაისში, გორაზე, ვაჟა-ფშაველას ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყოველდღიურად საყოფაცხოვრებო ნარჩენები გროვდება, რაც როგორც იქ მცხოვრებლებს, ასევე ქალაქის სტუმრებს დისკომფორტს უქმნის.
როგორც „ინფო იმერეთს“ ადგილობრივმა განუცხადა, აღნიშნული მარშრუტით ტურისტები ხშირად სარგებლობენ, რადგან გზა ბაგრატის ტაძრისკენ მიდის.
"აქედან ტურისტები ბაგრატის ტაძარზე ადიან. ეს ხომ სამარცხვინო მდგომარეობაა, რაც აქ ხდება. ტურისტები ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება იქ, სადაც ადამიანებს ეპატიჟები, ამდენი ნაგავი დაახვედრო“, - ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს ტერიტორიის დროულად დასუფთავებისა და მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.