"არა დაძინებას, არა ცხოველთა გენოციდს!“ - ამ დევიზით, 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან ცხოველთა მოყვარულთა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია ჩაინიშნა.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, სახელმწიფო გაუგონარი სისასტიკითა და ბარბაროსობით ანადგურებს მიუსაფარ და მიკედლებულ ძაღლებს, რომლებზეც მოქალაქეები წლების განმავლობაში საკუთარი ხარჯებითა და უანგაროდ ზრუნავდნენ.
უფლებადამცველები მიუთითებენ სამარხების აღმოჩენის ფაქტებზე, სფეროში არსებულ კორუფციულ სქემებზე, ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და სრულ გაუმჭვირვალობაზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება მასობრივ სამარხებთან დაკავშირებით და დადგეს ცხოველების წამებაში მონაწილე პირებისა თუ უწყებების სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
გადაიხედოს 2025 წელს მიღებული კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ და მისი პრობლემური ჩანაწერები მოვიდეს ჰარმონიაში ეთიკურ და ჰუმანურ სტანდარტებთან.
ორგანიზატორთა განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის ოჯახებში მცხოვრებ ცხოველებსაც, ვინაიდან 5-ზე მეტი ცხოველის ყოლის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას და შინაური ბინადარი ცხოველების კონფისკაციას. აქტივისტები საზოგადოებას თანადგომისა და აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.