კულტურის მინისტრი მაია ბითაძე გელათის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

სამუშაოების მიმდინარეობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მაია ბითაძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია სტუმრებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა მიაწოდა.

ბითაძის თქმით, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.

"წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს.

მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.

სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა სახელმწიფოს დაფინანსებითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით ხორციელდება. სამუშაოები საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული ერთიანი საკონსერვაციო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციებს ეფუძნება", - აღნიშნულია ინფორმაცია, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.