2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში იმერეთის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 27.1 პროცენტით შემცირდა, რაც 44 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც ბენეფიციართა რიცხვმა 37.9 პროცენტით იკლო.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ 23 პროცენტით (163 111 ადამიანით) არის შემცირებული. შესაბამისად, იმერეთსა და განსაკუთრებით ბაღდათში დაფიქსირებული მაჩვენებელი სრულიად საქართველოს საშუალო მონაცემს მნიშვნელოვნად აღემატება.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს დრამატული ცვლილება ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება:
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის გაუქმება, რომლითაც მოქალაქეებს გარანტირებული სტატუსი უნარჩუნდებოდათ;
სოციალურად დაუცველთა მასობრივი ხელახალი გადამოწმება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აცხადებენ, რომ შემწეობის შეწყვეტა რეალურად სიღარიბის დაძლევას არ ნიშნავს. არსებული მეთოდოლოგიის ხარვეზებისა და გასაჩივრების სირთულის გამო, მაღალია რისკი, რომ ათასობით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახი საბაზისო დახმარებისა და თანმდევი სოციალური შეღავათების მიღმა დარჩეს.
უფლებადამცველები სახელმწიფოს მოუწოდებენ, დროულად გამოაქვეყნოს დეტალური მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების მდგომარეობის შესახებ, შეაფასოს მიღებული გადაწყვეტილების გავლენა მოწყვლად ჯგუფებზე და საზოგადოებას დასაქმების რეალური ალტერნატიული გეგმა წარუდგინოს.