წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ რიონის მოსახლეობა შეიკრიბა.
ადგილობრივები სოფელში სასმელი წყლის არარსებობას აპროტესტებენ.
მოსახლეობა "ინფო იმერეთთან" აცხადებს, რომ 2022 წელს ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო, ფული დაიხარჯა, მილები გაიყვანეს, თუმცა მათ სახლებამდე სასმელი წყალი არ მისულა.
"ახლა წესით სოფელში წყალი უნდა გვქონდეს, ბიუჯეტიდან ფული დახარჯეს, მაგრამ რამდენად მიზნობრივად თქვენც მიხვდებით. რომ წვიმს გვიხარია, იმიტომ, რომ ჟოლობები სასმელი წყლის "ბაკებზე" გვაქვს დაერთებული. 21-ე საუკუნეში, ქუთაისიდან 8 კმ-ში, თუ შეიძლება სოფელი სასმელ წყალზე ოცნებობდეს?!" - აცხადებენ ადგილობრივები.
"ინფო იმერეთი" წყალტუბოს მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.
"მომზადებულია სატენდერო დოკუმენტაცია და მომავალ კვირას გამოცხადდება ტენდერი წყლის ახალი საწნეო მაგისტრალის მოწყობაზე.
სატენდერო ღირებულება არის 437770 ლარი. ელექტრონული შესყიდვის პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება სამუშაოების დაწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია სოფელ რიონის მოსახლეობა", - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.