სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022–2023 წლებისა და 2024 წლის პირველი 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გამოვლინდა რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ეხება ფინანსების მართვას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შესყიდვებს და მუნიციპალური სერვისების მიწოდებას.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. ვერ უზრუნველყოფდა არაფინანსური აქტივების ზრდის სათანადო დაგეგმვას, რის შედეგადაც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას შემოწმების პერიოდში 29%, 16% და 33% დააკლდა. ამასთან, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემებია შესყიდვების დაგეგმვაშიც. მუნიციპალიტეტმა რიგი შესყიდვები განახორციელა წლიური შესყიდვების გეგმის გარეშე, რაც კანონმდებლობის დარღვევად შეფასდა.
აუდიტმა ასევე გამოავლინა ხარვეზები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. კერძოდ, მერიის მიერ მიღებულია 650.4 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები, რომლებიც ექსპლოატაციაში მიღებიდან მოკლე დროში დაზიანდა და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებს.
გარდა ამისა, აღმოჩნდა გამოუყენებელი აქტივებიც – მუნიციპალიტეტმა გონივრულ ვადაში ვერ გამოიყენა უკვე შეძენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო ზოგიერთი ინფრასტრუქტურული ობიექტი მოსახლეობას დანიშნულების მიხედვით ვერ გამოიყენებოდა, რის გამოც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არაეფექტიანად დაიხარჯა.
აუდიტის ინფორმაციით, გზების მოხრეშვითი სამუშაოები ორ შემთხვევაში შესრულდა სათანადო დასაბუთების გარეშე, ხოლო გამოყენებული ინერტული მასალა კანონმდებლობის დარღვევით იყო მოპოვებული.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტმა 27 შემთხვევაში დაუსაბუთებლად გაზარდა სამუშაოების შესრულების ვადები და მიმწოდებლების მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები არ გამოიყენა.
პრობლემები გამოვლინდა მუნიციპალური სერვისების სფეროშიც. აუდიტის თანახმად, ტყიბულში არსებობს წყალმომარაგების სისტემური პრობლემები, ხოლო მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხის შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან არ არის დადასტურებული.
ანგარიშში საუბარია ავტოპარკის მართვის ხარვეზებზეც – მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული სამსახურებრივი ავტომობილების რაოდენობა აღემატება საკრებულოს მიერ დადგენილ ნორმას, რაც საწვავის არარაციონალურად გამოყენების რისკს ქმნის.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრულყოფილი ბაზა არ აქვს, რის გამოც მერია ვერ ახერხებს მოსაკრებლის სრულად ადმინისტრირებას და ადგილობრივი ბიუჯეტი შესაძლო შემოსავლებს კარგავს.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ქონების მართვის პროცესშიც გამოვლინდა ნაკლოვანებები – ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას მუნიციპალიტეტი არ იყენებს ელექტრონულ აუქციონს და ხელშეკრულებებში არ არის გათვალისწინებული საიჯარო ფასის გადახედვის მექანიზმი, რის შედეგადაც ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს.