ჭალატყე - სოფელი იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ქვედა საქარის თემი). მდებარეობს მდინარეების ძუსისა და ბუჯას შესართავთან (წარმოქმნიან მდინარე ჩოლაბურს), ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი.

ჭალატყე შუა საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი იყო. ლეგენდა ამ ქალაქს "ბალისტომს" უწოდებს. ქალაქი მოიცავდა ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, ქვედა საზანო, შიმშილაქედი და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზედა საზანო და შიმშილაქედი. ის იწყებოდა თამარის ხიდიდან და აღწევდა ნაქალაქარ ჩიხორამდე.

აქ გადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი გზა, რაც ხელს უწყობდა ქალაქის ეკონომიკურ დაწინაურებას. წყაროებში პირველად იხსენიება 1646 წელს, როდესაც იგი სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა დაარბია. 1703 წ. ოსმალებმა ააფეთქეს ჭალატყის სამი თავდაცვითი ნაგებობა - კოშკები, ააოხრეს ჯვარცმის ეკლესია, რომელიც XVIII საუკუნეში განაახლა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა. XVIII საუკუნეში ჭალატყე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტად რჩებოდა.

სოფელში შემორჩენილია მდ. ჩოლაბურზე გადებული განვითარებული შუა საუკუნეების ე.წ. „თამარის ხიდი“. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვითკირის ხიდსაც“ უწოდებს. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას თამარ მეფეს გაუვლია თავისი ამალით. მდინარეზე გადასასვლელი ხიდი არ ყოფილა. მეფეს უბრძანებია ხიდის აშენება. მშენებლობისას გამოიყენეს მხოლოდ კვერცხის ცილა, ქვა და კირი. ხიდის შუა წელი ამაღლებულია.