იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე - ქართველი ფილოლოგი, ირანისტი, ირანული ფილოლოგიის კათედრის დამაარსებელი და რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943).
იუსტინე აბულაძე 1874 წლის 17 აპრილს (ძველი სტილით 5 აპრილს) როკითში (ბაღდათის მუნიციპალიტეტი) დაიბადა.
იუსტინეს ბაბუა, როკითის მკვიდრი გიორგი აბულაძე შეძლებული აზნაური იყო. მასა და მის მეუღლეს ზედიზედ ექვსი ქალიშვილი შეეძინათ, რომელთაგან ორი დაეღუპათ. წყვილს მეშვიდე შვილი ვაჟი, ირაკლი შეეძინა.
ირაკლი აბულაძემ ცოლად პელაგია მხეიძე შეირთო, რომელთაც პირველი ორი შვილი დაეღუპათ. მაშინდელი წესის თანახმად, მომდევნო შვილები, ალექსანდრე და ელისაბედი, ირაკლი აბულაძემ თავის უშვილო დას მარინეს მიანდო. მამიდამ აღზარდა იუსტინე აბულაძე და მისი ძმა გიორგიც.
1900 წელს იუსტინე აბულაძემ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ქართულ-სომხურ-სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. ალექსანდრე ცაგარელის, ნიკო მარისა და ვ. ჟუკოვსკის რეკომენდაციით, მას იქვე ტოვებდნენ სამუშაოდ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში დაბრუნდა და და პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა.
აღმოსავლეთის ფონდების შესასწავლად 1901-1902 წლებში სპარსეთსა (ერთი თვე გაატარა თავრიზში) და შუა აზიაში (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) იმოგზაურა. 1903 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე კი ვენის, ბერლინისა და პარიზის ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში მუშაობდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა იუსტინე აბულაძე თბილისში სპეციალურ სასწავლებლებსა და გიმნაზიაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 1906 წლის 4 ივლისს პოლიციელებმა ქართული გიმნაზიის დარბევისას შიო ჩიტაძე მოკლეს, იუსტინე აბულაძეს კი ფეხში 3 ტყვია მოხვდა და თავში თოფის კონდახიც ჩაარტყეს, რამაც დიდი გავლენა იქონია მის ჯანმრთელობაზე.
იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადოების მუზეუმის გამგე. 1918 წლიდან თსუ-ში კითხულობდა სპარსული ენისა და ლიტერატურის კურსს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსული ფილოლოგიის კათედრას.
იუსტინე აბულაძე ქართულ-სპარსული ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. იკვლევდა "შაჰ-ნამეს", "ვისრამიანს", ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" (1914, 1926) ვრცელი შესავლით და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიუბილეო გამოცემას (1937) დაერთო. გამოსცა «"შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის" ქართული ვერსიები» I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა "ვისრამიანის" ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი.
იუსტინე აბულაძეს ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936).
იუსტინე აბულაძე ბეჭდავდა ომარ ხაიამის, საადი შირაზელის, ჰაფიზის, ნიზამი განჯევის, აბდულ რაჰმან ჯამის, რუდაქისა და სხვა ირანელი მწერლების ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წერილებსა და ნარკვევებს, თარგმნიდა სპარსული პოეზიის ნიმუშებს (ომარ ხაიამის „რობაიები“) და ხელს უწყობდა აღმოსავლური პოეზიის პოპულარიზაციას საქართველოში. მანვე დაწერა „სპარსული ლიტერატურის ისტორიის“ კურსის სახელმძღვანელო.
იუსტინე აბულაძემ „ვეფხისტყაოსნის გამოცემებისთვის ლექსიკონები შეადგინა. გარდა ამისა, 1938 წელს გამოსულ „შაჰნამესა“ და „ვისრამიანის“ ქართულ ვერსიებს მეცნიერულად გამართული ლექსიკონები დაურთო. მანვე შეადგინა ორტომიანი „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ და სპარსულ-ქართული ლექსიკონი, გამოაქვეყნა ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლთა სახელთა ეტიმოლოგიებს, გამოეხმაურა ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოების გამოცემებს, გამოაქვეყნა „ირანული ენის გრამატიკა ქრესტომატიითურთ“ და ა.შ.
ის თავის დროის ერთ-ერთი საუკეთესო რუსთველოლოგთაგანი იყო. ივანე ჯავახიშვილი წერდა: "რუსთაველის პოემის ორიგინალობისა და ირანული მწერლობითგან პარალელების საკითხზე, აკად. ნ. მარის შემდგომ, ყველაზე მეტად იუსტ. აბულაძეს აქვს დაწერილი“.
1909 წელს გამოიცა იუსტინე აბულაძის ნაშრომი „მე-12 საუკუნის საერო მწერლობის ხასიათი და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ხელახლა დაიბეჭდა 1922 წელს. მათში ავტორი პოემის ტექსტის, ლექსიკის და მხატვრული ენის საკითხებს მიმოიხილავს. ნიკო მარის შეფასებით: "საკითხის შესახებ, ქართულ ენაზე არსებულ ლიტერატურაში ი. აბულაძის ნაშრომი არის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი. საკმარისია ითქვას, რომ ავტორმა იცის სპარსული ენა და ამ მხრივ უფლებამოსილია იმსჯელოს ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა თაობაზე, და საერთოდაც ცდილობს იმუშაოს ფართო მეცნიერული ჰორიზონტით“.
ნიკო მარის რეკომენდაციით, ადრინდელი სათანადო ნაშრომებისა და „ვეფხისტყაოსნის“ 1914 წლის გამოცემის გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკვალიფიკაციო კომისიამ იუსტინე აბულაძეს ფულადი პრემია მიანიჭა.
იუსტინე აბულაძემ უამრავი სიახლე შეიტანა „ვეფხისტყაოსნის“ ლექსიკის საკითხების გარკვევასა და პოემის ლექსიკონის დადგენაში. მან პოემის ლექსიკონს არაბულ სიტყვათა, სპარსულ სიტყვათა, ბერძნულ-ქართულ სიტყვათა, საკუთარ სახელთა ლექსიკონები და თურქულ-ოსმალურ-ქართული და ლათინურ-ქართული სიტყვები დაურთო.
ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ იუსტინე აბულაძემ პირველმა აღწერა და დაახასიათა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, მათი კლასიფიკაციაც მოახდინა, ზოგიერთი მათგანის წარმომავლობა დაადგინა და ხელნაწერების მიხედვით გადამწერების და რედაქტორების ორ კატეგორიად დაყოფის იდეაც შეიმუშავა.
იუსტინე აბულაძე 1962 წლის 1 ივნისს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2015 წლის 18 ნოემბერს მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს.