კონსტანტინე ხიმშიაშვილი - მწერალი, "საქართველოს გათავისუფლების ფრონტის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წინამძღოლი.
დაიბადა 1917 წელს ქუთაისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა, პატრიოტული ორგანიზაცია, რომლის წევრებიც, ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასპირანტები იყვნენ. მათი მიზანი საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს გათავისუფლება იყო. გზასა და ხსნას გერმანიის მხარდაჭერაში ხედავდნენ.
ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი მწერალი კონსტანტინე ხიმშიაშვილი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს ხიმშიაშვილი სამხედრო სამსახურში, 83-ე მსროლელ პოლკში იმყოფებოდა. ლეგიონი დისლოცირებული იყო განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში, სადაც მან ორგანიზაციის დანარჩენი წევრები - გიორგი იმერლიშვილი და ილია სეფაშვილი გაიცნო.
მოგვიანებით, შეთქმულთა ლეგიონი ავჭალაში გადაისროლეს და თანამოაზრეების ძებნა უკვე ავჭალაში განლაგებულ 35-ე სათადარიგო ლეგიონში დაიწყეს. მალევე დაუკავშირდნენ ეროვნული სულისკვეთებით განმსჭვალულ ოფიცრებს - კონსტანტინე ჯოგლიძეს, შალვა შავიანიძეს და გიორგი ძიგვაშვილს. გაჩნდა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის დაარსების იდეაც. ორგანიზაციის დამაარსებლები იყვნენ: კონსტანტინე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი, რომლებიც, რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ კონსტანტინე ხიმშიაშვილსა და გიორგი იმერლიშვილთან. ჯოგლიძე აპირებდა, მომავალი პარტიისთვის „სამნო” (საქართველოს აყვავებისთვის მებრძოლი ნაციონალური ორგანიზაცია) ეწოდებინა. ორგანიზაციის წევრებს პაროლად აღებული ჰქონდათ სიტყვები შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნიდან” - "ვარ უმტკიცესი რვალისა”, მათი უმთავრესი ლოზუნგი გახლდათ - „საქართველო ქართველებისთვის”.
შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილის მიუხედავად, ორგანიზაცია გასცეს. საბჭოთა ხელისუფლება ერთხანს თვალს ადევნებდა ორგანიზაციის წევრებს, მერე კი, მათი დაპატიმრება დაიწყო. საბჭოთა სამართალდამცველებმა სულ 33 პირი დააკავეს, ძირითადად, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტები და მეცნიერ მუშაკები.
ისინი 1942 წლის 9-20 სექტემბერს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. „მათ ბრალი ედებათ მასზედ, რომ: საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ომის დაწყებისთანავე ხელისუფლების მტრულად განწყობილების გამო გადაბირებულები იყვნენ არალეგალურ, ფაშისტურ-კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში, რომლის მიზანიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადება იყო. ორგანიზაციის წევრები კონტრრევოლუციური აგიტაციათა და საქმიანობით ახალი წევრების გადაბირებას ცდილობდნენ“, - წერია საბრალდებო დასკვნაში.
სამხედრო ტრიბუნალმა კონსტანტინე ხიმშიაშვილსა და ორგანიზაციის წევრების დიდ ნაწილს სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიუსაჯა. განაჩენი 1942 წლის 17 ოქტომბრის ღამეს მოიყვანეს სისრულეში და 17 ახალგაზრდა ერთად დახვრიტეს.
მიხეილ იმერლიშვილი, გიორგი იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი, დიმიტრი ბურდიაშვილი, ლევან თორაძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ჯოგლიძე, თურმან შანშიაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ქადაგიძე, რომან ბატიაშვილი, გიორგი ახობაძე, მიხეილ კაციტაძე, ზურაბ მისაბიშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ საბაშვილი - 17 ოქტომბერს 17 ახალგაზრდა ისე დახვრიტეს, რომ ბრალდება - ქვეყნის ღალატი არცერთს არ უღიარებია. შემდეგ წლებში, როდესაც მათი საქმეები გადაიხედა, ისინი რეაბილიტირებულად გამოაცხადეს. მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.
1934 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "ბებია ელისაბედი", მისმა ერთ-ერთმა მოთხრობამ "გლობუსი" პრემიაც კი აიღო. კოტე ხიმშიაშვილს ეკუთვნის რომანი "ჯონქა ხორნაული".
2002 წლის 22 ივლისს საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, სადაც ამოტვიფრულია შეთქმულთა ერთ-ერთი მეთაურის კოტე ხიმშიაშვილის სახელიც. 2020 წელს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (კუკია), ერთ-ერთ ქუჩას დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელი მიენიჭა.
ფოტოზე: და-ძმა კოტე და დოდო ხიმშიაშვილები