ზურაბ (კუკური) ლაფერაძე - ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1976). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს ტყიბულის რაიონის სოფელ ნაძვაში.
დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1946 წელს.
1946–1956წწ. მოღვაწეობდა სოხუმის თეატრის ქართულ დასში. 1956 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისის კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1958 წლიდან კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო სახასიათო, დრამატული და კომედიური როლების შესანიშნავი შემსრულებელი.
მნიშვნელოვანი როლები: კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – ზურაბი (მ. ბარათაშვილის "მარინე"), უშანგი (გ. ბერძენიშვილის "დაჭრილი არწივი") და სხვა.
ხანგრძლივი შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდში ზურაბ ლაფერაძემ ქართულ კინოში უაღრესად საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული, მრავალფეროვანი ეკრანული სახეები შექმნა: "ჩრდილი გზაზე“ (გიორგი ჩოხელი; 1956), „მამლუქი“ (ჰუსეინ-აღა, 1958, ორივეს რეჟ. დ. რონდელი) „საბუდარელი ჭაბუკი“ (გიორგი; რეჟ. შ. მანაგაძე, 1957), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (მერაბ დევიძე; რეჟ. ლ. ხოტივარი, 1957), „ზვიგენის კბილი“ (ომარი; რეჟ. შ. გედევანიშვილი, 1959), „შეწყვეტილი სიმღერა“ (მამედოვი; რეჟ. ნ. სანიშვილი, 1960), „განძი“ (ინჟინერი; რეჟ. რ. ჩხეიძე, 1961), „მე ვხედავ მზეს“ (ბეჟანა; რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1965), „დათა თუთაშხია“ (მოსე ზამთარაძე; რეჟ-ები: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია, 1978) და სხვ.
ეპიზოდური როლები შეასრულა ფილმებში: „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1980), „სიბრძნის კარავი“, "ვინ არის მეოთხე“ (ორივეს რეჟ. ო. კობერიძე, 1985), „წინათქმა“ (რეჟ. ზ. ილურიძე, 1986) და სხვ.
გარდაიცვალა 1990 წლის 1 დეკემბერს 64 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.