ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.

ადგილობრივი მცხოვრებლები მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას და ხელისუფლებას პრიორიტეტების არასწორად გაწერაში ადანაშაულებენ.

უკმაყოფილების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მერიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საღამოში მევიოლინე ვიტალი სამხარაძეს 22 000 ლარი გადაუხადა, მაშინ როცა მუნიციპალიტეტში მრავალი პრობლემაა.

ადგილობრივი მცხოვრები სოფია კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დაბაში, ძველ სასამართლოსთან არსებული არხი არასოდეს გაწმენდილა, რის გამოც ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, მდინარე ფაქტობრივად აღარ ჩანს და მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ქვეწარმავლების ხოცვა. განსაკუთრებით საგანგაშოა დამცავი ბარიერების  არარსებობა იმ გზაზე, რომლითაც ბავშვები სარგებლობენ და არსებობს არხში გადავარდნის რეალური საფრთხე.

მოქალაქის თქმით, მერიამ დაახლოებით 2 წლის წინ მხოლოდ პოლიციის მიმდებარედ, ცენტრალური ხიდიდან მოსაჩვენებლად ხილვადი მონაკვეთი გაწმინდა, სხვა ქუჩები კი უყურადღებოდ მიატოვა.

მოსახლეობა ხარაგაულის მერიას მოუწოდებს, კულტურულ ღონისძიებებზე დიდი თანხების ხარჯვის პარალელურად, დროულად მიხედოს ხალხის უსაფრთხოებას და მოაწყოს დამცავი ბარიერები.