3–5 თებერვალს იმერეთში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე — "ძალადობა, ტრავმაზე რეაგირება და ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკები“. სწავლებას უძღვებოდა პარტნიორი დანიური ორგანიზაციის, Danner-ის ტრენერი - კარენ ბოსენი.
ფონდის სათავო და წარმომადგენლობითი ოფისების ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, ტრენინგში მონაწილეობდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან — ქუთაისიდან, ხონიდან და წყალტუბოდან — ფონდის აქტიური ლიდერი ქალები და პარასპეციალისტები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ძალადობაგამოვლილ ქალებთან და ოჯახების მხარდაჭერაზე. სწავლების მიზანი იყო მათი პროფესიული უნარების გაძლიერება ისე, რომ ადგილობრივ თემებში გაწეული დახმარება იყოს უფრო მგრძნობიარე, უსაფრთხო და ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომებზე დაფუძნებული.
მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ნორმები და სტერეოტიპები, ძალადობის მრავალშრიანი ბუნება და სოციალური-ეკოლოგიური მოდელი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებითი კონტროლის მექანიზმებსა და იმ უხილავ ზიანს, რომელიც ფიზიკური კვალის გარეშეც აზიანებს ქალის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას.

სასწავლო პროცესში დეტალურად იქნა განხილული ტრავმაზე რეაგირების ოთხი ძირითადი ფორმა — შებრძოლება, გაქცევა, გაყინვა და მაამებლობა, როგორც გადარჩენის ბუნებრივი მექანიზმები. ხაზი გაესვა, რომ მხარდაჭერა უნდა ეფუძნებოდეს უსაფრთხოებას, ნდობასა და ქალის არჩევანის პატივისცემას, რათა დახმარება ახალი ტკივილის წყაროდ არ იქცეს.
მესამე დღე დაეთმო პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და თვითზრუნვის მნიშვნელობას. მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორ მოუსმინონ ძალადობაგამოვლილ ქალებს განსჯის გარეშე, როგორ შეინარჩუნონ პროფესიული სიფრთხილე და ამავე დროს დაიცვან საკუთარი ემოციური რესურსი პროფესიული გადაწვისგან.
ტრენინგის დასრულებისას მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მიღებული ცოდნა და უნარები დაეხმარება ფონდი „სოხუმის“ გუნდსა და იმერეთის თემებში მოქმედ ქალ ლიდერებს, რომ ქალების მხარდაჭერა კიდევ უფრო თანაგრძნობაზე დაფუძნებული, ტრავმაზე ორიენტირებული და უსაფრთხო გახადონ.
ფონდი „სოხუმი“ მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია Danner-სა და ტრენერ კარენ ბოსენს მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით.