გელათის მონასტრის მთავარსა და წმინდა გიორგის ტაძრებში არსებული სავალალო მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ინფორმაციას ავრცელებს. იგი აქვეყნებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, გელათის მონასტრის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე სტიქაროსანს ეკუთვნის.
წერილის ავტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ გელათში 1993 წლიდან მსახურობს, ტაძრებში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ და რესტავრაციულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმინდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული. ასევე, მთავარ ტაძარში იგივე მდგომარეობაა - ფრესკების ცვენა გახშირებულია. ღია ბზარები თანდათანობით კედელს სცილდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.
ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე, რაც, ავტორის შეფასებით, ძეგლის საძირკველს პირდაპირ საფრთხეს უქმნის:
„ძველი სანიაღვრე წყლის მოშლამ, რომელიც ხელოვნურად არის გამოწვეული, გამოიწვია წყლის დაგროვება მთავარი ტაძრისა და მცირე წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველში, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს“.
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ფრესკებისა და სახურავის მდგომარეობა უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებისა და სპეციალისტების განსაკუთრებული მსჯელობისა და შეშფოთების საგანია.