ქუთაისში სტუმრად მყოფი ქართველი ვიზიტორები ადგილობრივ მერიას ელემენტარული სისუფთავისა და უკვე არსებული სივრცეების მოვლისკენ მოუწოდებენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მოქალაქის მიმართვა, სადაც იგი ქუთაისის ტურისტული სივრცეების მოუვლელობაზე, მიტოვებულ მდგომარეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გულგრილობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ავტორი, რომელიც ქუთაისში სტუმრად იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ ქალაქის ისტორიულობით და სილამაზით მოიხიბლა, მიუხედავად, მნიშვნელოვანი ლოკაციების სავალალო მდგომარეობისა.

"მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელი არ ვარ და აქ მხოლოდ სტუმრად ვიმყოფებოდი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და, რაც მთავარია, ქუთაისზე შეყვარებულ ადამიანს, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი ბრაზი და პროტესტი.

ამ ულამაზეს, დახვეწილ და ისტორიულ ქალაქში მოვიარე არაერთი ადგილი და, სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა. რამდენად მოუვლელი და მივიწყებულია ქალაქის მნიშვნელოვანი სივრცეები.

ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული ადგილი საბაგიროა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. თუმცა საბაგიროთი პარკში ასვლის შემდეგ სრულიად სხვა რეალობა გხვდება. სივრცე, რომელიც, სრული მნიშვნელობით, მიტოვებული და უპატრონოდაა დარჩენილი.

მინდა ადგილობრივ მერიას ერთი ძალიან მარტივი კითხვა დავუსვა. თუ ქალაქის მასშტაბური რეკონსტრუქციისთვის საკმარისი ფინანსური რესურსი არ არსებობს, ნუთუ არ მოიპოვება მინიმალური ბიუჯეტი, სურვილი და, თუნდაც, სიყვარული ქალაქის მიმართ, იმისთვის, რომ უკვე არსებული სივრცეები მაინც დასუფთავდეს, მოვლილი იყოს და ღირსეული სახე დაუბრუნდეს?!

ქალაქის განვითარება მხოლოდ ახალი შენობების და ფასადების შექმნას არ ნიშნავს. ქალაქზე ზრუნვა ყველაზე მარტივი რამით იწყება. სისუფთავით, მოვლით და იმ სივრცეების პატივისცემით, რომლებიც უკვე გვაქვს.
ფოტოსაც ვურთავ, რათა თავად ნახოთ, რაზე ვსაუბრობ.

როგორ შეიძლება ასე გულგრილად მოექცე საკუთარ ქალაქს? როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს მისი იერსახე, მისი ისტორია და ის შთაბეჭდილება, რომელსაც ის ადგილობრივებსა თუ ტურისტებზე ტოვებს?

ქუთაისი ბევრად მეტს იმსახურებს", - წერს თამუნა შონია "ქუთაისში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებში".