"გოგნის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობის ფარგლებში მუხურის და თერჯოლის ტყეებში ბუნებრივი გარემოდან ამოიღებენ „წითელ ნუსხაში" შესულ წაბლის, კოლხური ბზის და უთხოვარის სახეობებს - ჯამურად 9 688 ერთეულს. ამის შესახებ მთავრობის 1466-ე განკარგულებაში წერია.

იმერეთში 224 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აშენებს. ელექტროსადგურის მშენებელ კომპანიაში შპს „ეიჯი ვინდ ფაუერით" ის 90%-ს ფლობს, დანარჩენ 10%-ს კი შპს „ეგ”-ით ბიზნესმენი ემზარ გამეზარადაშვილი.

"ელექტროსადგურის 220 კვ ძაბვის საჰაერო და 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზებისა და 220 კვ ძაბვის ქვესადგურის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს გოგნის ქარის კომპანიას მიეცეს უფლება, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეში, კერძოდ, იმერეთის სატყეო სამსახურის, ტყიბულის სატყეო უბნის, მუხურისა და თერჯოლის სატყეოებში, ბუნებრივი გარემოდაწ ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის შემდეგი სახეობები:

ა) „ჩვეულებრივი წაბლი“ (Castanea sativa Mill.) – 7533 ინდივიდი;
ბ) „კოლხური ბზა“ (Buxus colchica Pojark.) - 2115 ინდივიდი;
გ) „უთხოვარი“ (Taxus baccata L.) - 40 ინდივიდი” - წერია განკარგულებაში.

მას შემდეგ, რაც კომპანია მოჭრილ მერქნული რესურსს, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობებს სატყეო სააგენტოს შესაბამის ტერიტორიაზე, კომპანია ვალდებულია გადაიხადოს მცენარეთა ბუნებრივი გარემოდან ამოღებისთვის საკომპენსაციო საფასური, ამის შემდეგ კი განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს ამოღებული, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების რაოდენობის შესაბამისი აღდგენის ღონისძიებები.