ახალგაზრდა გიდების ასოციაციის და კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, იმერეთის სასტუმროებს დიდ ნაწილს ტურიზმისთვის დაბალი აქტივობის სეზონზე ოპერირება უჭირთ. მიზეზად კი დარგის წარმომადგენელი კონკრეტული ავიარეისების გაუქმებას და სახელმწიფო უწყებების მხრიდან, არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას ასახელებს. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ის პრობლემები, რაც კახეთშია ეს ჟურნალია ტურიზმისთვის, მათ შორის ქუთაისისა და იმერეთისთვის. უბრალოდ ჯერ ბევრი ადამიანი მოლოდინში და გაძლებაზეა. ხშირად არის შემთხვევები, რომ ზოგიერთი სასტუმრო გაყიდვებს ნოემბრიდან კეტავს, რადგან დანახარჯებს ვერ აუდიან და მუშაობას გაზაფხულზე აახლებს.

ქუთაისშიც და იმერეთშიც ძალიან მალე იგივე სიტუაცია იქნება, რაც კახეთშია. ჩვენ ორიენტირებული ვიყავით, მაგალითად, ქუთაისი-აბუ-დაბის რეისზე, შემოდიოდა ბევრი ტურისტი და ამის მიხედვით კერძო სექტორი ცდილობდა მეტი მიწოდების გაკეთებას. ახლა ეს რეისი დახურულია, ტურისტები აღარ შემოდიან. უკეთესი სიტუაცია არ იქნება, თუ რაღაც გარღვევა არ მოხდა. სწორი პოზიციონირება და მარკეტინგი ქუთაისისთვის არ ხდება.

მაგალითად, კონკრეტული ივენთი „გემო ფესტი“, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, ზაფხულის პერიოდშია. ზაფხულში აქტივობა ისედაც არის. ჩვენ აქტივობა გვჭირდება იმ სეზონებზე, როდესაც არ გვყავს ტურისტები. აქცენტი დაბალ სეზონზე უნდა გაკეთდეს.

თელავს რაც შეეხება, პრობლემა არის იმაში, რომ თელავში დაანონსებული იყო ახალი აეროპორტის აშენება. კერძო სექტორი ენდო სახელმწიფო სტრუქტურებს და ამ მოლოდინს მიჰყვა. ასევე გომბორის გვირაბი, რომელიც დაანონსებული იყო და არ გაკეთდა, ან ჩქაროსნული მაგისტრალი... ასევე არასამთავრობო სექტორის დიდი წილი, რომელიც ტრენინგებსა და სემინარებს ატარებდა კახეთში. ტენდერებში მითითებული იყო, რომ ტრენინგები თბილისიდან 100-150 კმ-ის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო და ეს ჯაჭვი ხვდებოდა კახეთს, ამ ყველაფრის გაუქმების გამო შეიქმნა პრობლემა", - აცხადებს ბერეკაშვილი.

„საქმიანი დილის“ ეთერში მან DMO-ის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკა ტურიზმის მოთხოვნილებებს საერთოდ არ პასუხობს. ორგანიზაცია რეგიონის პოპულარიზებას თუ მარკეტინგულ აქტივობებს არასწორ ბაზრებზე ახორციელებს, რაც უშედეგოა.

„პირველი ვიყავი, ვინც გავაკრიტიკე USAID იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი შეუწყო DMO-ების შექმნას, რომელმაც არათუ პროგრესი მოუტანა ტურიზმს, არამედ პირიქით, უკუსვლა. კერძო სექტორს თავზე დააჯდა მარწუხებით ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება კერძო სექტორის გადახდილი გადასახადებით და მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ.

მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ, არასაჭირო ტრენინგები არასაჭირო დროს, არასაჭირო მარკეტინგული აქტივობები. რა უნდა იმერეთის DMO-ს, წლების განმავლობაში რომ დადის ნიუ-იორკის გამოფენებზე? ნიუ-იორკსა და ქუთაისს შორის დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება პირდაპირი ავიამიმოსვლა. მინიმუმ 20-25 ათასი ლარი იხარჯება თითოეულ ვიზიტზე. თუ მაინცდამაინც გვინდოდა, ნახევარი ქუთაისი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ნებისმიერი მათგანის მოწვევა შეიძლებოდა იმ გამოფენაზე... ასევე იყო მუმბაიში უამრავი ვიზიტი. აი ქუთაისს და მუმბაის რა აკავშირებთ?

ნაცვლად ამისა, ჩვენ შეგვეძლო ქუთაისის აეროპორტიდან, სადაც ავიამიმოსვლებია, მხოლოდ იმ გამოფენებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებაზე. სრულად არამიზნობრივია ის ხარჯები, რასაც ისინი წევენ“, - მიიჩნევს ლაშა ბერეკაშვილი.