ვანში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების გამო, რომელიც ორი წელია, მიმდინარეობს, ფეხით თუ ავტომობილით გადაადგილება გართულებულია.
ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია, როგორც საავტომობილო გზები, ასევე ტროტუარებიც.
როგორც მოქალაქეები "ინფო იმერეთთან" აცხადებენ, ამ დრომდე უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.
"მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა თითქმის 2 წელი, დაწყებიდან დღემდე არც ერთი დაწყებული საქმე დასრულებული არ არის და მიტოვებულია. წარმოუდგენელი მდგომარეობაა გზებზე, შეუძლებელი ხდება ფეხით თუ მანქანით გადაადგილება. დაზიანებულია როგორც საავტომობილო გზა, ასევე ტროტუარებიც. არავინ იძლევა პასუხს თუ როდის დასრულდება, კომპანია, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, 3-ჯერ შეიცვალა.
განსაკუთრებული ყურადღება მინდა მიაქციოთ გ.ტაბიძის ქუჩას, სადაც 70-80-ტონიანი მანქანები მოძრაობს - რიონის სანაპიროდან გამოაქვთ ქვა-ღორღი და სილის მასალა, რამაც სერიოზულად დააზიანა გზის ის მონაკვეთი, სადაც ეს მანქანები მოძრაობენ", - აცხადებენ ადგილობრივები "ინფო იმერეთთან".