გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.
სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა სხვადასხვა სახეობის 4 ძირი ხე-მცენარე და მოპოვებული მერქნული მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შესაბამისი მუხლით.
უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა ასევე სოფლებში წყალშავასა და ხრესილში, სადაც მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში არარეგისტრირებული, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. ვინაიდან აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
2026 წლის 10 თვის მონაცემებით, მხოლოდ იმერეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 177 ფაქტია გამოვლენილი.