ქუთაისელი პატიმარი ოთარ აფრიდონიძე "ინფო იმერეთთან" აცხადებს, რომ მეექვსე დღეა, შიმშილობს.
როგორც მან "ინფო იმერეთს" განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს, ითხოვს, რომ ქუთაისის მეორე და გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას არ შეწყვეტს.
"გირეკავთ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან. 6 დღეა ვშიმშილობ იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი მყავს ქუთაისში, ვერ ვსარგებლობ პაემნებით, ვერ ვნახულობ შვილებს, ოჯახის წევრებს, აქედან გამომდინარე, ვითხოვ გადაყვანას ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში, ან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში.
ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მე 2022-2024 წლებში ვიმყოფებოდი გლდანის დაწესებულებაში, აქ, სადაც ახლა ვარ. მაშინაც პროტესტი მქონდა გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც ჩემზე განხორციელდა უსამართლობა, არაერთხელ მოვხვდი დეესკალაციის ოთახში. ვწერდი "ქართული ოცნების" წევრებს და ვითხოვდი დახმარებას, რომ ყოფილიყო ჩემი ეტაპირება ქუთაისში, ამის შემდეგ ჩემზე იყო ზეწოლა, რომ არ მიმეწერა არავისთვის. ისიც კი მოხდა, დედაჩემიც საქმის კურსშია და საბუთებიც კი აქვს, რომ თითქოს დამიდგინეს ეპილეფსია, დამინიშნეს წამალი. ციხეში გადამიღეს ყველაფერი და დადგინდა, რომ არანაირი ეპილეფსია არ მჭირდა. რომ გავეჩუმებინე და არ მომეთხოვა ეტაპირება, ეს მოხდა. დღესაც გრძელდება ჩემი წამება, 6 დღეა, ვშიმშილობ. ვიმყოფები საკანში, სადაც ვართ რვა მსჯავრდებული, აქედან 7 ჭამს საჭმელს და მე მოშიმშილე პატიმარს, რომელსაც მაქვს უფლება, ვიშიმშილო, მაყურებინებენ, როგორ ჭამს 7 პატიმარი. სახალხო დამცველსაც მივმართავ, არის თუ არა ეს არაადამიანური მოპყრობა, როცა მე ვშიმშილობ და სხვები ჭამენ და მე იქ ვიმყოფები და მაყურებინებენ. ამიტომ, მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ეტაპირება ქუთაისის ნომერ მე-2 დაწესებულებაში, ან გეგუთის მე-14 დაწესებულებაში, რათა მქონდეს მე ჩემი შვილების და ოჯახის ნახვის საშუალება.
ანტისანიტარია კი არა, გაუსაძლისი მდგომარეობაა. 2022-2024 წლებში ვინც იყვნენ, დღესაც ისინი არიან დაწესებულების ხელმძღვანელები. ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს და არ ვიცი, რას მიზამენ. ვითხოვ პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელთან შეხვედრას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, რათა გავესაუბრო. ვითხოვ ასევე სახალხო დამცველთან შეხვედრას, რათა დაადგინოს, არის თუ არა ეს არაადამიანური მოპყრობა.
მე ხელთ მაქვს საბუთები, რომელიც ადვოკატმა მომაწოდა, მაქვს სოციალმუშაკების, ფსიქოლოგების და ყველასი, თუ როგორ დადებითაც ვიქცეოდი ციხეში, ვარ ერთ-ერთი გამორჩეული პატიმარი. ყველანაირი ცნობა ხელთ მაქვს", - განაცხადა ოთარ აფრიდონიძემ "ინფო იმერეთთან".
"ინფო იმერეთს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ პატიმარი არა მეექვსე, არამედ მეორე დღეა, შიმშილობს და ის უკვე მოშიმშილეებისთვის გამოყოფილ საკანშია გადაყვანილი.
"მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რადგან ოთარ აფრიდონიძემ შიმშილობა გამოაცხადა გუშინ, მედიაში მისი ინტერვიუს გავრცელების შემდეგ და არა რამდენიმე დღის წინ, როგორც ამას ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან აღნიშნავს. დადგენილი წესის შესაბამისად, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ იგი მოთავსდა მოშიმშილეთათის გამოყოფილ საკანში, სადაც განთავსებულია მარტო და იმყოფება 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, რეალობას არ შეესაბამება მის მიერ დაწესებულების ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული ბრალდება, თითქოს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობდა, ხოლო მისი თანამესაკნეები მის თვალწინ იკვებებოდნენ.
მას, როგორც მოშიმშილეს, დაწესებულებაში ჩაუტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს პენიტენციური კოდექსითა და შესაბამისი დაწესებულების დებულებით განსაზღვრული წესით და არა მხოლოდ მსჯავრდებულის პირადი სურვილის საფუძველზე", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.