ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მე-5 საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ნაწილი სახლებში გააბრუნეს. მიზეზი ბაღის ერთ ჯგუფში გათბობის სისტემის დაზიანებაა.

მშობლები "ინფო იმერეთს" უყვებიან, რომ ბაღის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და ბავშვების წაყვანა სთხოვეს.

მათივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დგას.

"დაგვირეკეს და გვითხრეს, ბავშვები წაიყვანეთ, გათბობა არ გვაქვს და არც ის ვიცით, როდის აღდგებაო. თუ გინდათ, ხვალ მოიყვანეთ, ოღონდ დენი გამათბობლები წამოიღეთო. ამ ბაღში ისედაც კატასტროფა ხდება - ნესტი და უბედურებაა, კედლებზე სოკოებია ამოსული“, - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი "ინფო იმერეთთან“ საუბრისას.