ქუთაისელმა მოყვარულმა მებაღემ სალომე ასათიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მეგობრებს იმ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ უამბო, რომელიც მის ორანჟერეაში მოხდა.
როგორც ირკვევა, საღამოს სათბურის კარი დაკეტეს და კატა სათბურში შემთხვევით დარჩა. ღამით კი შეშინებულმა ცხოველმა მცენარეები მასობრივად გაანადგურა.
სალომე ასათიანის თქმით, გასასვლელის პოვნის მცდელობისას ცხოველმა სათბურში თითქმის ყველაფერი გადმოყარა და დაამტვრია.
"ახლა როგორ ვარ, მიხვდება ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აქვს შეხება მცენარეებთან. ერთ ღამეში დაილეწა ჩემი სამყაროს დიდი ნაწილი. საღამოს სათბურის კარი დავკეტე, კატა შიგნით ჩავკეტე და ეს „გმირობა“ ჩაიდინა. ჩვეულებრივ მოახერხებდა ერთი კატაც ასე მცენარეების დალეწვას. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, შეშინებული კატა როგორ იქცევა - გასასვლელი რომ ვერ ნახა, ყველაფერი გაანადგურა, გადმოყარა“, - წერს მებაღე.
მიუხედავად დიდი ზარალისა, სალომე ასათიანი ფარ-ხმალს არ ყრის და საკუთარ გამოცდილებას იხსენებს. მისი თქმით, მსგავსი კრიზისი 2020 წელსაც გადაიტანა, როდესაც ყინვამ მისი მცენარეების 70% გაანადგურა, თუმცა სწორედ იმ რთულმა პერიოდმა მისცა ბიძგი, საქმისთვის სხვა მიმართულება მიეცა, ორანჟერეა ნამდვილ წალკოტად ექცია და „დედამიწელების გაკვეთილები“ დაეწყო.
მოყვარული მებაღე ამბობს, რომ მომხდარს მორიგ გაკვეთილად მიიღებს, მომავალში მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას გამოიჩენს და საყვარელ საქმეს ისევ თავიდან დაიწყებს.
დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ ანგარიშებზე შეუძლიათ:
GE73TB7059145063600087
GE71BG0000000607675917
მიმღები სალომე ასათიანი